ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება 

11 მარტი 2019, 00:00 2637 ნახვა

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია, ხვალ 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად განხორციელდება.

მიმდინარე წელს ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხო ენა შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. თუმცა მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი არ იცვლება. 

რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა.

უწყების ცნობით, 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა შეეძლება.

''რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ'' - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე. 

ამავე კატეგორიაში