შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა - სალომე ზურაბიშვილი

06 მარტი 2019, 00:00 1594 ნახვა

შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადავა  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამეტში გამოსვლისას ისაუბრა.  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

''გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართული იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. იგი განიხილავს განცხადებებს რომლებიც ახალ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ახალ კრიტერიუმები კი ახლა მუშავდება. კომისია  მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივა.

გადაწყვეტილების მიღებისას, ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. ადამიანებს განემარტება კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების ან მასეზე უარის თქმის საფუძველი''-  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა .

პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.

''ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას'' - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას „ევროპული საქართველოსა და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები არ ესწრებიან.​

გამოსვლას ესწრებიან: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი