რას წერენ ოქმში საბჭოს წევრები, რომლებმაც 112 წლის წინ აგებულ ძეგლზე მასნარდას დაშენების ნებართვა გასცეს

27 თებერვალი 2019, 00:00 3317 ნახვა

ძველ ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, 112 წლის წინ აგებული მოდერნის ტიპის სახლზე  მანსარდას დაშენებას, ოქმის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული საბჭოს 3 წევრის დაუსაბუთებელი თანხმობა აქვს, ხოლო სამის არგუმენტირებული უარი.  

საუბარია, ბათუმის ევროპულ ნაწილში, 1907 წელს აგებულ შენობაზე, სადაც გასულ საუკუნეში სასტუმრო  “ვერსალი“ ფუნქციონირებდა.

2010 წელს, რესტავრირებული შენობის 800 კვ/მ ფართი შპს “კორაქსესი"  სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, ამ ფართში კომპანის მცირე ზომის სასტუმროს გახსნისთვის 5 წელი განესაზღვრა.

9 წლის განმავლობაში შენობა უფუნქციო იყო. კომპანიის წარმომადგენლები მტკიცებით,  სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არ დაურღვევიათ, რადგან ხელშეკრულების თავდაპირველი პირობა შეიცვალა.  შპს „კორაქსის“ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ შენობის უკანა ნაწილში არსებული 2000 კვ/მ ფართობი კერძო მესაკუთრეებისგან გამოესყიდა და მცირეს ნაცვლად, დიდი ზომის სასტუმრო გაეკეთებინათ.

გამოსყიდვის ეტაპი, როგორც კომპანიაში გვითხრეს უკვე დასრულდა, სწორედ ამის შემდეგ შევიდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ძეგლზე ცვლილებებისა და მშენებლობის პროექტის დამტკიცებაზე განცხადება.  

პროექტი, ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე,  მანსარდას დაშენებას, ხოლო ეზოს მხრიდან ძველი სახლის ნაცვლად, ახლის აშენებას ითვალისწინებს.

პროექტის ავტორებს მოთხოვნა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დააკმაყოფილა. რა წერია სხდომის ოქმში, რატომ დაეთანხმა საბჭოს წევრები ამ გადაწყვეტილებას და რა არგუმენტები ჰქონდათ მოწინააღმდეგეებს? 

ოქმის მიხედვით, სხდომას საბჭოს 8 წევრიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა. სხომაზე არ იმყოფებოდნენ საზოგადოება "ბათომის" წევრები - შოთა გუჯაბიძე და ნინო ინაიშვილი. როგორც მოგვიანებით „ბათომის“ წევრებმა განმარტეს, ისინი არ იმყოფებოდნენ ქალაქში და არ ეთანხმებიან ძეგლის სხვენზე ამ ტიპის ჩარევას.   

საბჭოს თავმჯდომარე არქიტექტორი ლაშა ჟღენტია, რომელიც ორი ხმის უფლებით სარგებლობს. ოქმის მიხედვით, ის ეთანხმება ძეგლზე მანსარდას დაშენებას და შესაბამისად პროექტმა ორი ხმა მიიღო. რატომ გასცა ძეგლზე ჩარევის  თანხმობა, არგუმენტები კოლეგებისთვის, ოქმის მიხევით, არ გაუზიარებია. 

"მიეცეს თანხმობა წარმოდგენილ პროექტს" - განაცხადა სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე.

არგუმენტები ოქმში არ დაუფიქსირებია არც საბჭოს წევრ ვიქტორია ბერიძეს: "თანახმა ვარ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე".

გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ კი განმარტა, რომ "არ არის წინააღმდეგი მოხდეს მცირე ცვლილებები სხვენის ტერიტორიაზე". 

ზემოთჩამოთვლილ საბჭოს სამი წევრისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ  პროფესიით არქეოლოგს, რესტავრატორსა და ხელოვნებათმცოდნეს.  რომლებმაც  უარს თქვეს ძეგლზე ამ ტიპის ჩარევაზე.

საბჭოს წევრი სოფიო ჭანიშვილი:  "უარი ეთქვას, წრიული ფორმის ღიაობების გაჩენას. აღნიშნული შენობა წარმოადგენს არქიტექტურული სტილის არტ-ნუვოს უნიკალურ ნიმუშს ბათუმში, შესაბამისად, მასზე ჩატარებული ცვლილება დაუკარგავს შენობას ავთენტურობას და სტილს, თავის სახეს. პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები (ეზოს მხარეს) სივრცის კეთილმოწყობა ჩემთვის მისაღებია" - წერია ოქმში.

კიდევ ერთი წევრი ​ლია გელოვანიც მიიჩნევს, რომ დაშენება ამ შენობაზე არ შეიძლება. "უარი ეთქვას! არსებულ შენობას თავის სტილიდან გამომდინარე გააჩნია საკმაოდ დატვირთული ფასადი, რომელთა კომპოზიციაში იკითხება მხატვრულ არქიტექტურული ჰარმონია. მათ გააჩნიათ დასრულებული იერსახე და მიმაჩნია, რომ ამგვარი ჩარევა არეულობას შეიტანს არქიტექტურულ სტილსა და ვიზუალში, რომელიც ხელს შეუშლის შენობის ესთეტიკურ აღქმას. ეზოს მხარეს სამუშაოებს არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ცხადია, რომ ამ სამუშაოებმა არ უნდა იქონიოს გავლენა ქუჩის მხარეს არსებულ ფასადებზე, იგულისხმება ნიშნულის შესაძლო გაზრდა" - უთხრა კოლეგებს უარის მიზეზად ლია გელოვანმა.

მაგდა სარჯველაძემ კი ძეგლის იერსახეზე ჩარევა მიიჩნია მიუღებლად: "უარი. ძეგლს აქვს დასრულებული იერსახე და ჩარევას ზედმეტად ვთვლი. შენობა ბათუმში მოდერნის სტილის ერთ-ერთი კარგი მაგალითია და ვთვლი,რომ უნდა დარჩეს იმ სახით, როგორიც არის".

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოზე მყოფი 6 წევრის ხმები გაიყო, საბჭოს თავმჯდომარის ლაშა ჟღენტის ხმამ (თავმჯდომარე ორი ხმის უფლებით სარგებლობს), გადამწყვეტი აღმოჩნდა.  

 

 

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი