„ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ის ერთ-ერთია იმ 9 დეპუტატიდან, რომელთა კანონპროექტი მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერების თაობაზე პარლამენტმა 21 თებერვალს ჩააგდო.
კანონპროექტს მხარი მხოლოდ 45-მ დეპუტატმა დაუჭირა, როცა მის მისაღებად 76 ხმა იყო საჭირო. მანამდე უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვეს. დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა ბექა ნაცვლიშვილიც, თუმცა მისი გადაწყვეტილება სულ სხვა კანონპროექტის ჩავარდნას მოჰყვა. პარლამენტმა არც ბექა ნაცვლიშვილის ალტერნატიული ვერსია მიიღო დაგროვებით პენსიაზე.