საიდან მარაგდება საბავშვო ბაღები ხორცით ბათუმში?

20 თებერვალი 2019, 00:00 1644 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  შპს „ნარგული“-ს დირექტორს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონისა და აჭარაში ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს, დოკუმენტების გაყალბებაში სდებენ ბრალს. 

პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაღებში შეტანილ ხორცზე "ფორმა2", რომელსაც სასაკლაოები ხორცის წარმომავლობის მისაკვლევად გასცემენ, გაყალბებულია. 

უფრო კონკრეტულად კი, მეწარმეს ჩოხატაურის სასაკლაოს მიერ გაცემული დოკუმენტის გაყალბებაში ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ. 

ოპოზიცია ამბობს, რომ შპს "ნარგულის" წარმომადგენელი ნუგზარ მარკოიძე კიდევ ერთი კომპანიის, შპს „ელენიკოს“ მფლობელიცაა,  რომელიც, გასულ წელს, სამტრედის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის გამო დაჯარიმდა. 

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ "არაკეთილსინდისიერი მეწარმე ცხენის ხორცით ამარაგებდეს აჭარის საბავშვო ბაღებსაც".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩოხატაურის სასაკლაოს დაუკავშირდა, სადაც საერთოდ არ დაადასტურეს შპს  „ნარგულიზე“ რაიმე სახის დოკუმენტის გაცემა. თქვეს, რომ შესაძლოა კომპანიამ ხორცი  სხვა პირისგან იყიდა, რომელსაც ჩოხატაურის სასაკლაოზე ჰქონდა საქონელი დაკლული და საბუთი მიღებული.

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შპს „ნარგულის“ მიერ მოწოდებულ საქონლის ხორცს ფორმა 2 ერთვის, რომელიც გაცემულია სხვადასხვა, მათ შორის ჩოხატაურის სასაკლაოს მიერაც.

შ.პ.ს „ნარგული“- ში ჩვენს სატელეფონო  ზარებს არ პასუხობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი