ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრების საკითხს 3 საათის განმავლობაში განიხილავდნენ გუშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. პროცესში ჩართული იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები.
ისტორიული ბათუმის დამცველებმა ამ სხდომაზეც მოითხოვეს იმ დოკუმენტის დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული დაცვის საზღვრებშია მოქცეული. განხილვას „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სწორედ მათ მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც შემდგომში მერიამ ავტორებთან შეთანხმების გარეშე შეცვალა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტი რეკომენდაციებით ბათუმის მერიას უნდა დაუბრუნოს.