აუდიტის დასკვნის განხილვას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები რიგგარეშე სხდომაზე ითხოვენ. ინიციატივით ხელვაჩაურის საკრებულოს უკვე მიმართეს.
ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' და ''ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-კონსერვატორების'' წევრები ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე პასუხისმგებელმა პირებმა ღიად უნდა ისაუბრონ. ასევე პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს მათ საქმიანობასაც.
''აუდიტის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული ვარაუდი კორუფციული გარიგების შესახებ. აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის და ბიუჯეტის შესრულების შეფასება საკრებულოს პრეროგატივაა. ამიტომ ჩვენ შევდივართ ინიციტივით, მოწვეული იყოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც აუდიტის დასკვნას განვიხილავთ. შეფასება უნდა მიეცეს ყველა იმ დარღვევას, რომელიც დასკვნაშია აღნიშნული. ასევე შეფასება მიეცემა იმ თანამდებობის პირების საქმიანობას, რომლებმაც აღნიშნული დარღვევები დაუშვეს'' - უთხრა მაუწყებელს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა თემურ დუმბაძემ.
ოპოზიიციის მოთხოვნას ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. ნადიმ ვარშანიძე აპირებს ჯერ დეტალურად გაეცნოს აუდიტის დასკვნას და ფრაქციების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხზე, ამის შემდეგ იმსჯელებს.
''აუდიტის დასკვნა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულოს სხდომაზე, მეორე დღესვე დაიწყოს აუდიტის დასკვნის განხილვა. დასკვნა დაიდო, მუნიციპალიტეტი მუშაობს აღნიშნულ შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე. განვიხილავთ, სათანადო დონეზე შევისწავლით, ამის შემდეგ გავცემთ პასუხს აუდიტს და თუ საჭირო იქნება მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომასაც'' - განაცხდა ოპონენტების საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ.
აუდიტის დასკვნაში საუბარია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულებასა და მოქმედ კანონთან მათ შეუსაბამობაზე.
შენიშვნები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა. რამდენიმე კომპანიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ – სასამართლო დავაც აქვს. დარღვევების ნაწილზე, აჭარის მაუწყებლის ეთერში რამდენიმე რეპორტაჟი მომზადდა.