სოცმუშაკები არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით მუშაობენ - სახალხო დამცველი 

12 თებერვალი 2019, 00:00 1525 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოცმუშაკები წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით მუშაობენ. ამ დრომდე ვერ გადაიჭრა დასაქმებულების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები.

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ სოციალურ სამსახურში არსებული ხარვეზები, მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე უარყოფითად აისახება.

ომბუდსმენის განცხადებით, საჭიროა სოციალური სისტემის რეფორმა.

''ქვეყანაში არსებულ სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვთა სიღარიბე, ბავშვის მიმართ ძალადობა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ სოციალურ მუშაკს ეკისრება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით. სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო სამუშაო პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით'' - წერია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მზად არის სოციალურ მუშაკებს შეხვდეს.

სოციალური მუშაკები საგაფიცვო რეჟიმში მუშაობენ. ისინი ცვლილებებს ითხოვენ. მათი ულტიმატუმის ადრესატი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია. მთელი ქვეყნის მასშტაბით წამოწყებულ კამპანიას აჭარის სოციალური აგენტებიც შეუერთდნენ. მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, მთავარი მათ შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მენეჯმენტის ეფექტური მართვა და ხელფასების მატებაა.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი