ბათუმის ცენტრალურ პარკში, კოლონადებთან ფილები საღებავებით გუშინ გვიან ღამით მოხატეს. ''არა ქიმიურ ტერმინალს“ - დაწერეს უცნობმა პირებმა.
სტრიტ არტი უკვე წაშლილია. ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორია წყლით გადარეცხეს და საღებავები მოაშორეს.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული წარწერა ქალაქის ცენტრალური შესასვლელს ამახინჯებს და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება.
თვითმმართველი ერთეულის დამახინჯების მუხლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას, საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. ისინი აქციებს მართავენ და ბათუმის მერიას მოუწოდებენ მშენებლობაზე ნებართვა მანამდე არ გაიცეს, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტი არ ექნებათ.
კარბამიდის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება, მხარეებმა 14 იანვარს, ბათუმში გააფორმეს.