როგორ იცვლებოდნენ ე.წ. ლუჟკოვის სახლის მესაკუთრეები და რა კავშირი ჰქონდა მამუკა ბახტაძეს ობიექტის დღევანდელ მფლობელთან

31 იანვარი 2019, 00:00 4265 ნახვა

„ლუჟკოვის სახელით“ ცნობილი ობიექტი ამჟამად შპს „ბათუმი სიტის“ მფლობელობაშია, რომელიც 2011 წელსაა დაფუძნებული "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ.

ამ კორპორაციის დირექტორი 2013 წლამდე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. სწორედ ბახტაძეა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისას განცხადების წარმდგენი პირი.

კომპანიის დირექტორი თავიდან ივანე იოსელიანი იყო, ახლა კი ლევან კაკოიშვილია. აქვს თუ არა რაიმე კავშირი კომპანიასთან ახლა მამუკა ბახტაძეს, პირადად პრემიერისთვის ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მოგვეცა, პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ დღეს ამ კითხვას პრემიერი ვერ უპასუხებს. 

რაც შეეხება ბათუმის საკრებულოში შესულ წინადადებას - ქალაქის თვითმმართველობას შპს „ალიანს სიტიმ“ მიმართა, რომელიც სამეწარმეო რეესტრის  მონაცემების მიხედვით 15 დღის წინაა დარეგისტრირებული. მისი დირექტორი აკაკი სონგულიაა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს „ალიანს ჯგუფის“ სხვა პროექტებს.

ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია რა შეთანმხება აქვთ ერთმანეთთან „ბათუმი სიტსა“ და „ალიანს სიტს,“ თუმცა ცნობილია, რომ ალიანსი გააკეთებს ტერიტორიის განაშენიანების გეგმას და წარადგენს პროექტს.

გეგმავს ძველი შენობის დემონტაჟს, სანაცვლოდ კი სასტუმროსა და საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობას აპირებს. უცნობია რა სიმაღლის იქნება შენობა.

რაც შეეხება მანამდე არსებულ მფლობელებს - ე.წ. ლუჟკოვის სახლს 2006 წლიდან შპს „აჭარინვესტი“ ფლობდა, ეს კომპანია კი შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ იყო, ამ ჰოლდინგის დირექტორი კი ყოფილი პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილია. „აჭარინვესტი“ 2012 წლის შემდეგ ლიკვიდირებულია.

ამ სახლის მფლობელებთან დაკავშირებული ცვლილებები გაცილებით ადრე დაიწყო. საცხოვრებელი სახლი რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე 2003 წელს აშენდა. სახლს საძირკველი მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა ჩაუყარა.  ბინების პირველმა მფლობელმა სასამართლო დავა 2006 წლამდე დაიწყო და დღემდე სააპელაციო სასამართლოშია საქმე.

პირველი მფლობელები - გიორგი კირთავარი და მისი მეუღლემ ნადეჟდა პლატიცინა ამტკიცებენ, რომ ბინები ე.წ. ლუჟკოვის სახლში იყიდეს. კირთავარის ინტერესების დამცველის ცნობით, რამდენიმე ინსტანციაში დადგა მომჩივანის სასარგებლო გადაწყვეტილება, თუმცა მერიამ მიწა 2006 წელს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე გაყიდა.  სწორედ, ამ დროის გადავიდა ქონება „აჭარინვესტის“ ხელში.

განაჩენის უზრუნველყოფას მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა, ცნობილი გახდა რომ საქმე მხარემ ვერც სააპელაციო სასამართლოში მოიგო. 2 თვის წინ მიღებული სააპელაციო გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია ყველა მხარეს. მომჩივანი  გიორგი კირთავარია, მეორე მხარეს კი შპს ,,აჭარინვესტი“, შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ და შპს ,,ბათუმი სიტი“ არიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი