ბათუმის მერია სამი ძველი ავტობუსის ოზურგეთისთვის გადაცემას გეგმავს. საკითხზე დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.
დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, 2008 წელს გამოშვებული სამი ''zonda bus'' ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადაეცემა.
ლაშა კომახიძის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ''შპს ''ბათუმის ავტოტრანსპორტი"' თანახმაა არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან სამი ერთეული ავტობუსი გამოყოს.
მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტობუსები ფოთის მერიისთვის უნდ ეჩუქებინათ. საკითხს 30 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
დეპუტატების ნაწილმა ინიციატივა გააპროტესტა. სხდომაზე ითქვა, რომ უმჯობესი იყო ავტობუსები აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის მიეცათ.
ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გოგა (ეგარსლან) ლომაძემ კი საკრებულოს წევრებს განუმარტა, რომ ავტობუსებით დაინტერესებული ქობულეთის მერია იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაათვალიერეს მუნიციპალური ტრანსპორტი და შეისწავლე მისი ტექნიკური მდგომარეობა, საჩუქრის მიღებაზე უარი განაცხადეს.