საატესტატო გამოცდა არ იყო გარანტი, რომ მოსწავლე კონკრეტულ საგანში სათანადო ცოდნას მიიღებდა - მარიამ ჯაში 

30 იანვარი 2019, 00:00 1758 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ სკოლებში სისტემური რეფორმის გატარება და პედაგოგებისთვის მოტივაციის გაზრდაა საჭირო. მისი თქმით, მოსწავლეებისთვის განათლების პროცესი საინტერესო და შემოქმედებითი უნდა გახდეს.

​''საჭიროა მასწავლებლის, როგორც პროფესიული ასევე ფინანსური მოტივაციის გაზრდა. პედაგოგები არ უნდა იდგნენ, იმ საჭიროების წინაშე, რომ მათი პროფესიული მოღვაწეობის მნიშვნელოვანი აქცენტები, კერძო გაკვეთილების ჩატარებას უკავშირდებოდეს'' - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. 

მარიამ ჯაშმა საატესტატო გამოცდების თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ გამოცდების არსებული ფორმატი, სათანადო ცოდნის მიღების გარანტი არ იყო. 

ჟურნალისტის კითხვაზე: ცვლილებების შემდეგ, ხომ არ დარჩება მაგალითად ქიმია და ფიზიკა უყურადღებოდ. რა გარანტია არსებობს, რომ მოზარდები ამ საგნებს ზოგადი განათლებისთვის მაინც ისწავლიან?

დეპუტატი ასე პასუხობს: ​''მე ვარ ორი სტუდენტის დედა და შარშან გავიარეთ სწორედ საატესტატო პროცესი. გვაქვს ეს გამოცდილება. აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არსებული ფორმატით საატესტატო გამოცდა ნამდვილად არ იყო გარანტი, რომ კონკრეტულ დისციპლინაში, კონკრეტულ საგანში მოსწავლე მიიღებდა სათანადო ცოდნას. ან იქნებოდა მოტივირებული, რომ ესწავლა. ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო უშუალოდ ტესტების მომზადების პროცესზე. განსაკუთრებით იმ დისციპლინებზე, რომელიც არ არის საინტერესო მოსწავლისთვის სამომავლო პროფესიული თუ უმაღლესი განათლების კუთხით. ისინი მცირე დროს უთმობდნენ ამას და მხოლოდ ტესტების ჩაბარებისთვის.  პრობლემა იყო არა ტესტი გაუქმებასა და შენარჩუნებაში, არამედ თავად სასწავლო პროცესში. როდესაც მეცნიერების განვითარებაზეა საუბარი აუცილებლად უნდა მოხდეს ცვლილებები, ეს პროცესი მიმდინარეობს, როგორც სამინისტროს ასევე ათასწლეულის განვითარების ფონდის პროექტებით''. 

აჭარის მაუწყებლის ეთერში მარიამ ჯაშმა თქვა, რომ კითხვითი ნიშნები ისევ რჩება, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდის ერთჯერადად შენარჩუნებაში. დეპუტატის ფიქრობს რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არათანაბარ და უსამართლო პოზიციაში არიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი