გარემოვაჭრეებს ავტოსადგურში 100 დოლარის გადახდა მოსთხოვეს-დაკავებულია ერთი პირი

30 იანვარი 2019, 00:00 4733 ნახვა

დღეს, 30 იანვარს, ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჯიხურების დადგმას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. წერეთლის ქუჩის მოვაჭრეები, რომლებიც მერიასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ავტოსადგურში ღია დახლების დასადგმელად მივიდნენ, ავტოსადგურის ადმინისტრაციამ მათ წინასწარ 100 დოლარის გადახდა მოსთხოვა. შეთანხმების თანახმად კი, გარემოვაჭრეებს დახლების თანხა  ეტაპობრივად, 50 დოლარის ექვივალენტი ლარში, ორი თვის შემდეგ, პერიოდულად უნდა დაეფარათ. 

ავტოსადგურის ადმინისტრაციის პოზიციას ხმაური მოჰყვა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის ეკიპაჟმა ერთი პირი კაცი დააკავა, რომელსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით მიმდინარეობს. 

100 დოლარის გადახდასთან ერთად, წერეთლის ქუჩაზე მოვაჭრეები ამბობენ, რომ ირღვევა მერიასთან დადებული შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ავტოსადგურის ეზოში 150 დახლის ნაცვლად 60 დადგმას აპირებენ. გარემოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ ავტოსადგურის ადმინისტრაციის წევრებმა განუცხადეს. 

ბათუმის მერიის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ეს არის გაუგებრობა და  შეთანხმებისამებრ  დაიდგმება იმდენი დახლი, რამდენი განაცხადიც არის.

ბათუმის მერიამ, ორი დღის წინ, წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. მოვაჭრეებთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ისინი ავტოსადგურის შენობის ნაცვლად, სადგურის  ეზოში გააგრძელებდნენ საქმიანობას. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში