ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი გადაიდო. ბადრაგებს ბრალდებულები ერთმანეთში აერიათ.
უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობის საქმის განხილვაზე, სასამართლო დარბაზში ბრალდებულ ლევენთ ულუს ნაცვლად, სხვა ბრალდებული შემოიყვანეს, რომელსაც ამ საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა.
ლევენთ ულუს ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ დარბაზში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ იმყოფებოდა. ბადრაგებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ შესაძლოა ის ექსპერტიზაზე ყოფილიყო გადაყვანილი, რაც პროკურატურამ უარყო. პროკურატურის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ მათ ექსპერტიზა არ დაუნიშნავთ.
შეცდომით შემოყვანილი ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან მალევე გაიყვანეს, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა უზბეკი ქალის მკვლელობის საქმე გადადო, რადგან ლევენთ ულუ სასამართლო შენობაში საერთოდ არ იყო. გაირკვა, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გადმოუყვანიათ.
"რამდენადაც ცნობილია, დღესდღეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი #2 პენიტენციალურ დაწესებულებაში იმყოფება, წარმოუდგენლობის მიზეზი უცნობია, რადგან არანაირი წერილი არ მიგვიღია, რომელიც ახსნიდა ობიექტურ მიზეზს, რატომ არ მოხდა ბრალდებულის გადმოყვანა სასამართლო პროცესზე" - ამბობს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი.
ბათუმის სასამართლოში განამრტავენ, რომ ამ საქმეზე ბრალდებული პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა პროცესზე. სასჯელაღსრულებისგან გამოგზავნილი წერილი სასამართლომ გვიან ნახა.