სპორტის სიახლეები

08 იანვარი 2019, 00:00 1848 ნახვა

14  იანვრიდან მელბურნის კორტებზე  "დიდი  სლემის" წლის პირველი ტურნირი დაიწყება, ავსტრალიის ღია პირველობაზე  ვაჟთა ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი ალბათობით, მე-19 ნომრად იქნება განთესილი, ხოლო ქალთა წყვილებში  ოქსანა  კალაშნიკოვა  იასპარეზებს. მანამდე 8 იანვარს სტარტს  ავსტრალიის ღია  პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს. ძირითად ბადეში გაღწევის შანსი კიდევ ერთ ქართველს ეკატერინე გორგოძეს აქვს -. 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ჩეხ ლუსი ჰრადეცკას შეხვდება. 33 წლის ჩეხი ჩოგბურთელი 2011 წელს მსოფლიოს 41-ე ჩოგანი იყო. მას კარიერაში 5 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. თუ ქართველი მოთამაშე  მეტოქეს დაამარცხებს, 20 სარეიტინგო ქულასთან ერთად პრიზის სახით 15 ათას დოლარს მიიღებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ  საუკეთესო თინეიჯერთა ვინაობა გამოაქვეყნა, რომელთა გამოსვლასაც  2019  წელს მაყურებლებმა თვალი აუცილებლად უნდა ადევნოს. 12 ძიუდოისტიდან  საუკეთესოთა შორის 3 ქართველი  გამოარჩია - მარიამ  ჭანტურია, ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი. გელა ზაალიშვილი გასულ წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა  ლაშა ბექაურმაც, ხოლო მარიამ ჭანტურია თბილისის გრან პრის ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპის და მსოფლიოს პრიზიორია.

მალე ფორმულა 1-ის საჯინიბო „ფერარიში“ ხელმძღვანელობა შეიცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ  ავტორიტეტული იტალიური გაზეთი Gazzetta dello Sport ავრცელებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურიციო არივაბენე პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. მისი ადგილი კი მატიას ბინოტომ უნდა დაიკავოს. აღნიშნავენ, რომ ამ ორ ფუნქციონერს შორის უკვე დიდი ხანია კონფლიქტი არსებობს და სწორედ ეს გახდა 2018 წლის სეზონის წაგების მიზეზი როგორც პირად ჩათვლაში, ასევე კონსტრუქტორთა თასზე. ბინოტო თავისი მოვალეობების შესრულებას 2019 წლის სეზონის დაწყებამდე უნდა შეუდგეს.

ზაზა ფაჩულიას დეტროიტი კვლავ დამარცხდა, ამჯერად პისტონსი სან ანტონიო სპურს მასპინძლობდა და ანგარიშით 107:119 წააგო, ქართველ ცენტრს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, მიჩიგანელებს,  ვერც გრიფინის  34 ქულამ და ვერც დრამონდის 14 მოხსნამ უშველა, პოპოვიჩის შეგირდები აშკარად უკეთესად თამაშობდნენ, ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ დეტროიტი მე-9 ადგილზე ჩამოქვეითდა. მორიგ შეხვედრას პისტონსი 10 იანვარს ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან გამართავს. რაც შეეხება სეზონის ერთ-ერთ ლიდერს მილუოკი ბაქსს, ისინი იუტა ჯაზს მასპინძლობდნენ და 114:102 იმარჯვეს, პირველი ორი პერიოდის შემდეგ ჯაზმენები იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში 15 ქულა წააგეს, კვლავ შეუდარებელი იყო ბერძენი მონსტრი იანის ანტეტოკონმპო, ბაკსის ლიდერმა 30 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ამ გამარჯვების შემდეგ, მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 

კვლევითმა ცენტრმა "CIES Football Observatory" ევროპის ხუთი საუკეთესო ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ექსკლუზიური ალგორითმით შედგენილ ასკაციან რეიტინგში, ავტორებმა ფეხბურთელების ასაკი და მათი კონტრაქტების მოქმედების ვადებიც გაითვალისწინეს. რეიტინგის ლიდერი პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპეა. 20 წლის ფეხბურთელი 218,5 მილიონ ევროდ ფასდება. მეორე ადგილზე ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინია 200,3 მლნ ევროთი, მესამეზე კი - პსჟ-ის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარია 197 მილიონით. ხუთეულში ვერ მოხვდა ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი ის მე-7 პოზიციას იკავებს, ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო  რონალდო  კი მე-19 პოზიციაზეა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში