ბათუმში ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა

26 დეკემბერი 2018, 00:00 11315 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილი #20/ა ლიფტი ჩამოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებული ლიფტის კადრები სოციალურ ქსელში კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებელმა დადო.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თვითმხილველი ყვება, რომ ის ლიფტს მე-12 სართულზე ბავშვთან ერთად ელოდებოდა, ლიფტი გამოიძახა თუმცა მის სართულზე არ გაჩერდა. გაიგონა ლიფტის ჩავარდნის ხმა და ის, რომ ვარდნის დროს ორ ადგილზე  ლიფტი შეყოვნდა. 

"ორჯერ შეყოვნდა, სხვა არაფერი დამინახავს, როცა ჩამოვედი პირველ სართულზე მითხრეს, რომ მამაკაცი იმყოფებოდა ლიფტში, თუმცა არ დაშავებულა. მე ცარიელი კაბინა დამხვდა, რომელიც იყო დაზიანებული და გადავიღე. საინტერესოა, არავინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას?" - გვითხრა ნადია ჟუკოვამ, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს და ფოტო და ვიდეო მასალაც მოგვაწოდა.   

ლიფტების უსაფრთხოებას ცალკე სტრუქტურა არ ამოწმებს. რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს და არის უსაფრთხო ობიექტის ჩაბარების დროს უნდა შემოწმდეს, შემდეგ კი ამხანაგობას ევალება ჰყავდეს კონტაქტორი კომპანია, რომელიც იქნება ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.  

თუ დაფიქსირდა ლიფტის ჩამოვარდნის ან სხვა ფაქტი, მაშინ პროცესში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ერთვება. ამჯერდ ინფორმაცია მაუწყებლისგან გაიგეს, გვითხრეს რომ ადგილზე გავიდა ჯგუფი შესასწავლად. ობიექტის დათვალირების და შემთხვევის შესწავლის შემდეგ მიიღებენ კანონის შესაბამისად გადაწყვეტილებას, ექვემდებარება თუ არა ობიექტი სანქცირებას. 

რამდენიმე თვის წინ კი, მსგავსი თემის მომზადების დროს, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ბერიძემ გვითხრა, რომ ქალაქში რისკფაქტორები ამ თვალსაზრისით გაზრდილია. 

"ჩვენი სამსახურში 4 ადამიანი მუშაობს, აქედან ერთი სამდივნოა, კონტროლს კი 22 მიმართულებით ვახორციელებთ, ლიფტები კი ერთ-ერთი ნაწილია. კანონმდებლობით, ჩვენ ლიფტების მონიტორინგი არ გვეხება, ჩვენ შემოსულ განცხადებების შეთხვევაში ვამოწმებთ ობიექტებს, ან გეგმიურად, 3 წელში ერთხელ ვაკონტროლებთ, რამდენად შეასრულეს კანონით დაკისრებული ვალდებულება ობიექტის მფლობელებმა, ამხანაგობებმა და შეამოწმეს ლიფტის უსაფრთხოება. რამდენად აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება კერძო პირთან, რომელიც სისტემატურად უვლის და პასუხისმგებელია ლიფტის უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენ მთელი ქალაქის მონიტორინგს ვერ ვახდენთ, მით უფრო ობიექტების, რომელიც ოფიციალურად ჩაბარებული არ აქვს მერიას და არ ფიქსირდება, როგორც ექსპლუატაციაში შესული სახლი, თუმცა იქ ცხოვრობენ მოქალაქეები და ჩართულია ლიფტები" - გვითხრა დავით ბერიძემ, მას შემდეგ კი მათ ფუნქციურ ნაწილში არაფერი შეცვლილა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი