საქართველოში ბავშვების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ემოციურ მდგომარეობაზე - გაეროს კვლევა

02 იანვარი 2019, 00:00 2779 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს, შვილების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნაკლებად ზრუნავენ. კვლევაში წერია, რომ უფროსები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მათი რეკომენდაციაა, მშობლები შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვასა და საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარონ. „მოზარდობის პერიოდი კრიტიკულია ბავშვის განვითარებისათვის და დიდწილად განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებას,” -  განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა 

„მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ აქვთ თავიანთ შვილებთან დაკავშირებით. მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვაში და საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამები.  ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შეიქმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ პოზიტიური აღზრდის მეთოდები და დაეხმარონ მოზარდებს“.

კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების დიდი რაოდენობა  სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის საქმეში. მოზარდები მათთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. მშობელთა მცირე რაოდენობა არის ჩართული მოზარდისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ ექვსი ქვეყანა მოიცვა – ბელარუსი, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო და რუმინეთი. გამოკითხვა 10-13 წლის და 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებთან, ასევე მათ მშობლებთან და აღმზრდელებთან ჩატარდა.

იხილეთ კვლევა აქ: http://unicef.ge/uploads/Parenting_study-ge.pdf?fbclid=IwAR3qJhJu_6-j10bg3GbGMFnTMVr4a65UuwggjydASqmcocTYZ_FHpYVUOIU

ამავე კატეგორიაში