საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ გუშინდელი აქციის დროს, 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის სამი თანამშრომელია. ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთში არეულობების დროს 1723 ადამიანი დააკავეს. აქედან 1220 ამ დრომდე პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში რჩება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული იყო 737 ადამიანი, 55 - დაშავდა. ქვეყნის მასშტაბით, წესრიგის დასაცავად, 89 ათასი პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის, 8 ათასი პარიზში.
დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და რამდენიმე ადგილზე ხანძარი გააჩინეს. პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. საფრანგეთში საწვავის ფასის მოსალოდნელი მატების გამო, აქციები 17 ნოემბრიდან დაიწყო. ახლა, პარიზში მყოფი ქეთი არჯევანიძე გვეტყვის უფრო მეტს, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ქვეყნის დედაქალაქში.