„ქართული ოცნების“ ოფისში ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ დაპირებებს შეასრულებს და ამისთვის მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება.
''მე რაც დაგპირდით ყველაფერს გავაკეთებ და მაქსიმუმს შევეცდები, გაჩვენებთ რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. ჩვენ გავამართლებთ იმას რაც დღეს მივიღეთ'' - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
''პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. თუ შევაფასებთ პროცესს რაც მოხდა ამ არჩევნებში, როგორც პირველ ტურში ისე მეორე ტურში ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება. ყველაზე მთავარი იყო, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და ადეკვატური რეაქცია გააკეთა'' - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ეგზიტპოლების წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგს პრეზიდენტობის კანდიდატი არ ესწრებოდა.