''ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია'' - ლევან იზორია ბოლტონის ვიზიტზე 

01 ნოემბერი 2018, 00:00 2070 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველის ჯონ ბოლტონის ვიზიტს ბათუმში გამოეხმაურა და განმარტებები გააკეთა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლტონის ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ გაფრთხილება და შენიშვნა მიიღო, რომელიც ანტისატანკო ჯაველინების სისტემის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას ეხებოდა. 

ლევან იზორია ამბობს, რომ ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში აზიარებს. მინისტრის თქმით, ეს გამიზნული კამპანია შეიარაღებული ძალებისთვის მიუღებელია. 

''იმის მაგივრად რომ ყველა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია, სამწუხაროდ პირიქით ზოგიერთი ამას ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იქნას აღქმული. შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია, იმისთვის რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მიმართ. თქვენ ხედავთ, განსაკუთრებით ბოლო სამი თის განმავლობაში, დეზინფორმაციის წყება წამოვიდა განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან და განსაკუთრებით, რუსთავი ორის ორგანიზებით. სწორედ ამ პოლიტიკაში და დეზინფორმაციულ კამპანიაში ის რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოსდა ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება, პირიქით და რეალურად სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბოლტონმა იმავე დღეს ასევე მატისის წერილმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა, საქართველოშ განხორციელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებით თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ'' - თქვა იზორიამ ჟურნალისტებთან. 

მინისტრი ამბობს, რომ ამერიკასთან ურთიერთობის  უპრეცენდენტოდ კარგი დინამიკა არის. ჯაველინების სისტემის უსაფრთხოება დაცულია. 

''კიდევ ერთხელ ხაზგასმა მოხდა იმის, რომ ანტისატანკო ჯაველინების სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა, მე პირად საუბარში მოვისმინე ბატონი მატისისგან, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ამ სისტემების უსაფრთხოება იყოს დაცული. სწორედ ამ ნდობისა და აღიარების ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღების შეძენას აშშ-დან''- განაცხადა იზორიამ.  

ამ თემაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყებაში განმარტავენ, „სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის, ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს“.

ჯონ ბოლტონი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 26 ოქტომბერს ჩამოვიდა. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს შეხვდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში