არავის არ უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მეორე ტურში - პრეზიდენტი

29 ოქტომბერი 2018, 00:00 1807 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ არჩევნებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა არავის არ უნდა დაეზაროს. 

პრეზიდენტმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსახლეობის აქტიურობა დემოკრატიული პროცესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

''არჩევნების დღემ ძირითადში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხარვეზები, რაზეც ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიგვითითეს, უნდა იყოს ყურადღება მიქცეული და გამოსწორებული არა როდესმე, რომელიმე მომავალ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე.''

გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებს, აქტიურად იყვნენ ჩართული მეორე ტურის მონიტორინგშიც.

''მინდა, განსაკუთრებული მადლობა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადავუხადო, რომელთა წარმომადგენლები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი დაცული ყოფილიყო და ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარებულიყო. მისასალმებელია და დემოკრატიის მაჩვენებელია ის, რომ ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ არჩევნების მეორე ტური გვაქვს. მინდა მოგიწოდოთ, მეორე ტურში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ, ეს უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული პროცესისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამავე კატეგორიაში