პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცათ

25 ოქტომბერი 2018, 00:00 3306 ნახვა

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა შეემატა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და პოლიციელებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ყველაფერ ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თითოეულ პოლიციელს ეფექტურად და ღირსეულად შეასრულოს თავისი სამუშაო და მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში იქნება გაგზავნილი და ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ. თუმცა, ყველაფერთან ერთად ისიც გვესმის, რომ მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის დასაცავად და კეთილდღეობისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოლიციის ახალი მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის საპოლიციო ქვედანაყოფებში გადანაწილდება. ავტომანქანები მაღალი გამავლობისაა და სპეციალურად რეგიონებისთვის, რთული რელიეფური პირობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა, რაც ადგილზე საპოლიციო სერვისების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკის განახლება მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, კერძოდ, იაპონიის მთავრობამ უწყებას 96 ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომანქანა გადმოსცა.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე, პოლიტიკურად ნეიტრალური, სანდო და ეფექტიანი პოლიციის ჩამოყალიბებას, რომლის შედეგად უწყების თანამშრომლებს სათანადო სოციალური და შრომის პირობები მაქსიმალურად ექნებათ უზრუნველყოფილი.

ინფორმაცია შს სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე კატეგორიაში