დაუწესდება თუ არა ათასობით მოქალაქეს Airbnb-სა ​ და Booking-ზე ბინების გაქირავებისთვის გადასახადი?!

18 ოქტომბერი 2018, 00:00 6389 ნახვა

ბათუმსა და თბილისში მოქალაქეების დიდი ნაწილი საცხოვრებელ ბინებს ყოველდღიურად აქირავებს. ამისთვის კი აქტიურად იყენებენ, ორი დიდი საერთაშორისო კომპანიის Airbnb-სა ​ და Booking-ის ონლაინ დაჯავშნის საიტებს.

უცხოელი დამსვენებლების დიდი ნაწილი ბინებს სწორედ აღნიშნული საიტის დახმარებით ქირაობს. აქამდე მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც კეთილსინდისიერი გადამხდელები არიან, რეგისტრირდებიან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის 5% იხდიან.  ამასთან, საიტებს მისი მომსახურების პროცენტიც მიაქვს. სახელმწიფო ამ დრომდე ამ გადასახადის ადმინისტრირებას პრაქტიკულად მკაცრად არ აკონტროლებდა. შესაბამისად, მოქალაქეების დიდი ნაწილ, რომლებიც სეზონურად ბინებს აქირავებენ, ამ გადასახადის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 

აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წელს ტურისტთა გაზრდილი ნაკადის მიუხედავად, სასტუმროთა ნაწილს მომხმარებელთა რიცხვი არ გაზრდია. უფრო მეტიც, დამსვენებელთა რიცხვი, რომლებიც სასტუმროებში დაბინავებას ამჯობინებდნენ 5-6 % შემცირდა. ტურისტებისთვის უფრო მომხიბვლელი შედარებით დაბალი ფასი და მოქალაქეების მიერ შეთავაზებული სერვისები აღმოჩნდა. 

Airbnb-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმრო ბიზნესი" - თქვა ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა საქმიანი დილის ეთერში ამ თემაზე კომენტირებისას. გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, დარგის დასარეგულირებლად სხვა ქვეყნის გამოცდილებას სწავლობენ.

''ადამიანებმა იყიდეს, ერთი ან ოროთახიანი ბინა ქალაქის ცენტრში ან ძველ უბანში და ყოველდღიურად აქირავებენ, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი კომპანია არის Airbnb-ი, თუმცა booking-მაც ​დაამატა იგივე სერვისი. ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაც გადასახადს არ იხდის. მეორე მხრივ კი ეს იქნება დამატებითი შემოსავალი პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს,“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძე.

ეკატერინე ერთ-ერთია იმათგან, ათასობით "მასპინძლიდან", რომელიც Airbnb-ა რეგისტრირებული და უკვე მესამე წელია აქირავებს საკუთარ ბინას. ამბობს, რომ დამატებითი რეგულაციების ამოქმედება საზოგადოებას წაართმევს შესაძლებლობას განვითარდეს. "ფიზიკური პირებს გვაქვს პასუხისმგებლობა და რეგულაცია, რომ კერძო გაქირავებით შემოსული თანხის 5% გადავრიცხოთ ბიუჯეტში. თუ ამ სფეროს რეგულაცია უნდ დაიწყოს სახელმწიფომ, უმჯობესია ამ 5% ამოღებაზე იმუშაოს და არა დამატებით გადასახადების შემოღებაზე. ამასთან, თუ ჩვენ გადავიხდით, როგორც კომერციული ობიექტები კომუნალურ გადასახადებს, მაშინ აზრი დაეკარგება ჩვენს საქმიანობას. ფიზიკური პირები, ძირითადად, საკუთრ ბინას ან იპოთეკით აღებულ სახლებს აქირავებენ სესხის დაფარვისთვის".

კიდევ ერთი Airbnb მომხმარებელი სოფიო კი აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ თუ მაღალი გადასახადები დაწესდება, ვიდრე არსებული 5%-ია, საშუალო ფენა დარჩება ისევ განვითარების გარეშე. "გამოვა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ თვითდასაქმებით იშოვონ შემოსავალი უფრო შეიზღუდებიან. ტურიზმი საშუალო კლასის განვითარებისთვის კარგი საშუალებაა, ადამიანები სეზონურად აგროვებენ ფულს, ამასთან ქმნიან კონკურენტუნარიან გარემოს, მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ ტურისტებს და სახელმწიფოსაც ეხმარებიან მეტი განთავსების ობიექტი შეიქმნას ქვეყანაში. ეს კი ძალიან დიდი პლუსი და უდროო ჩარევებით, არ უნდა შეაფერხონ პროცესი. სასტუმრო სხვა სეგმენტზე მუშაობს და მათ აქვთ საშუალება სერვისები გააუმჯობესონ, ვიდრე მოქალაქეების ჩაძირვაზე იფიქრონ და კონკურენციის საბაბით შეგვზღუდონ". 

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული ვადები, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ბაზრის კვლევას, საკითხის შესწავლას და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას.

თუმცა, დღესვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დამატებითი განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ  აპარტამენტების ყოველდღიურად გაქირავებაზე არანაირი შეზღუდვისა და გადასახადის დაწესებას სახელმწიფო არ აპირებს.

„მინდა, ხაზგასმით ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი შეზღუდვები და დამატებითი გადასახადის დაწესება არ იგეგმება ბინების, ე.წ. აპარტამენტების გაქირავების შემთხვევაში. ეს საკითხი არც განხილულა და არც განიხილება. პირიქით, ამ სეგმენტის განვითარებამ საქართველოს საშუალება მისცა, მეტი განთავსების ობიექტი შევთავაზოთ მსოფლიოს, ანუ მეტი ტურისტი მივიღოთ. გვახარებს, რომ ზრდამ დამატებითი შემოსავალი გააჩინა კერძო სექტორში მათთვისაც, ვინც ბინების გაქირავებით იღებს შემოსავალს”, – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე 1 არხთან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი