გირგვლიანის საქმესა და ხორავას ტრაგედიას შორის ტოლობის ნიშანი პრემიერისთვისაც მიუღებელია

17 ოქტომბერი 2018, 00:00 2286 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ქვეყანაში შექმნილი ვითარება პოლიტიკურ კრიზისად შეაფასა და ამ თემებზე სასაუბროდ მთავრობის სხდომაზე დასწრება ითხოვა. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ 10 წლის შემდეგ, გირგვლიანის მსგავსად, რუსთაველზე  შვილმკვდარი მშობელი ისევ სამართალს ითხოვს. 

პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის ამ ორი საქმის შედარება მიუღებელია. 

''თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი'' – თქვა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერი პრეზიდენტის მთავრობის სხდომაზე დასწრების მოთხოვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საკითხს კანონი არეგულირებს.

„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს. საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნურავის ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში'' – განაცხადა პრემიერმა. 

გირგვლიანისა და სარალიძის საქმეების მსგავსების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა გუშინ დაუსვეს. "კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა ამ საკითხზე, თვითონ გააკეთოს პრეზიდენტმა განმარტებები" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

რატომ არის მიუღებელი ამ ორი საქმის შედარება, რატომ გაღიზიანდა მთავრობა და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან  ''ხორავას ქუჩის ტრაგედია'' და ''გირგვლიანის საქმე'' - კონკრეტული განმარტებები მთავრობის წევრებს არ გაუკეთებიათ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი