მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 12 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დაიწყო. როგორც დღეს ბრიფინგზე განმარტეს, აღნიშნულ პირზე შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდა.
''პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც რამდენიმე ფარულ ჩანაწერს შეიცავს. ავთენტიკურობის დადგენის მიზნით შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდება.''ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას, მათი შემდგომი გავრცელების მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინტენსიურად მოხდება საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ''.
გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.
სამართალდამცველები ასევე აცხადებენ, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.