რატომ ფიქრობს ''ბათომი'', რომ მწვანე კონცხზე ''ქალაქი'' გაშენდება

03 ოქტომბერი 2018, 00:00 4261 ნახვა

29 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ მწვანე კონცხის სანაპიროსთან მდებარე ტერიტორიას რეკრეაციული ზონა მოუხსნა და მას საზოგადოებრივ საქმიანის სტატუსი მიანიჭა. 

საზოგადოება "ბათომის" წევრებმა  ეს გადაწყვეტილება ჯერ საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტეს, დღეს, 7 ოქტომბერს კი აქცია დააანონსა.  

"​ბათომის" პროტესტი ორი მიმართულებით აქვს.  

1. ისინი თვლიან, რომ რეკრეაციული ზონა ამ ცვლილების შედეგად, ეტაპობრივად "ჩაბეტონდება". 

2. საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ ზონის შეცვლა კანონდარღვევით მოხდა და მის ანულირებას მოითხოვენ. 

საზოგადოება ბათომის წევრი ნინო ინაიშვილი ამბობს, რომ მწვანე კონცხზე გარდაუვალია კორპუსების ჩადგმის ტენდენციის შეჩერება, რადგან საზოგადოებრივ საქმიანი ზონა, რომელიც მწვანე კონცხის ნაწილს მიენიჭა, სწორედ ტერიტორიის 50% საცხოვრებელი და საჯარო შენობებით დატვირთვას ითვალისწინებს. 

"მწვანე კონცხზე კურიოზული ამბავი მოხდა, გაუგონარი, საკრებულოს ეს გადაწყვეტილება ფანტასტიკის სფეროა, რამდენად გაუთვითცნობიერებული და უპასუხისმგებლოა ჩვენი საკრებულო, ზოგადად, ამ ფაქტით გამოჩნდა. მათ ორი კორპუსის ჩასადგმელად რეკრეაციული ზონა საზოგადოებრივით შეცვალეს. დეპუტატებს არც კი ესმით რას ნიშნავს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა. ეს ნიშნავს, რომ ტერიტორია მინიმუმ 50 პროცენტი უნდა იყოს საზოგადოებრივი ნაგებობით დატვირთული, სასტუმროც კი არ არის საზოგადოებრივი, პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსები იგულისხმება. ეს ნიშნავს, რომ ამ ზონაში უნდა გააშენონ საცხოვრებელი უბანი, თუ რატომ აშენებენ მწვანე კონცხზე ქალაქს დასაბუთება სჭირდება. ნათელია, რამდენად არაკომპეტენტური საკრებულოს წევრები გვყავს" -  აცხადებს ნინო ინაიშვილი. 

მაგალითად ორგანიზაციას კვარიათისა და გონიოს ტერიტორიები მოჰყავთ, სადაც სანაპიროზე მრავალსართულიანი სასტუმროები აღიმართა. 

ბათომის წევრი ნათია აფხაზავა კი ამბობს, რომ კანონმდებლობის დარღვევით მოხდა ზონის შეცვლა. ადმინისტრაციული წარმოების მიხედვით, ტერიტორიაზე ზონის შესაცვლელად მერიას და საკრებულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვების მოწყობა სჭირდება. მწვანე კონცხზე კი ისე შეიცვალა ზონა, საჯარო განხილვები არ ჩატარებულა.

"ამ უკანონო გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება, რომელიც უნიკალური მწვანე სივრცეა. ეს კი ისე გააკეთა, რომ მოსახლეობა არ ყოფილა ჩართული საჯარო განხილვებში. ამ ზონის შეცვლამ ცხადყო, რომ მერია ფასადურად ატარებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის დანიშნულებაა გამოიკვლიოს საჯარო ინტერესი, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და დამოკიდებულება. ამ ფასადურ ქმედებების შედეგად კი მოქალაქეები საჯარო სივრცეებისა და რეკრეაციული ზონებს ვკარგავთ. ვკარგავთ სანაპირო ზოლს, ისტორიულ კულტურულ ღირებულებას, მწვანე სივრცეებს" - ამბობს ნათია აფხაზავა. 

"ბათომი" სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. თავის მხრივ, მწვანე კონცხზე მიმდინარე მშენებლობებისა და მიწის გასხვისების საკითხებს  სწავლობს არასამთავრობო ორგანიზაცია "გამჭვირვალობა საქართველო". ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საკითხს იკვლევენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ელოდება მერიისა და საკრებულოს შეფასებას. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი