მე-19 საუკუნის ძეგლის უნებართვოდ დანგრევიდან 3 წლის შემდეგაც არავინ დასჯილა - ვაჟა-ფშაველას #13

25 სექტემბერი 2018, 00:00 3929 ნახვა

ბათუმის ცენტრში, ვაჟა ფშაველას #13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მე-19 საუკუნის სახლი, კომპანია "სლავა 10-მა" ისე დაანგრია, რომ ნებართვა არც ერთი უწყებიდან არ მიუღია. 

კომპანიამ ისტორიული შენობა შეიძინა და მის ნაცვლად კორპუსის აგებას გეგმავდა, თუმცა ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და სამუშაოები დროებით შეჩერდა. 

მალევე, მშენებელმა შენობას ჯერ აივნები მოხსნა, შემდეგ სახურავი. მოგვიანებით კი ობიექტი დაანგრია, ისე რომ ახალი სახლის მშენებლობის ნებართვა არ ჰქონია.  

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიზანმიმართული განადგურებისთვის ძეგლთა დაცვის სააგენტომ პროკურატურას მიმართა და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 

სამწლიანი გამოძიების შედეგი ამ დრომდე უცნობია.  ქალაქის ცენტრში, უნებართვოდ, შენობის დანგრევის გამო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავდა და მისი ხელყოფისთვის კანონი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. 

უცნობია გამოძიების მიმდინარეობის დეტალებიც. საქართველოს პროკურატურაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ". 

რა ეტაპზეა გამოძიება, ამაზე პასუხი სამი თვის განმავლობაში ვერ მიიღო ვერც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, რომელიც მომჩივანია.  ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, პროკურატურას წერილობით სამი თვის წინ მიმართეს.

საზოგადოება ''ბათომის'' წევრი, შოთა გუჯაბიძე კი ამბობს, რომ ამ პროცესებში მისი ჩართულობის მიუხედავად, იგი დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. "პროკურატურას, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს ეს ნათელია. დაარღვია თუ არა კანონი მშენებელმა, რომელმაც ნებართვების და კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით დაანგრია შენობა, პროკურატურამ 3 წლის შემდეგაც ვერ დაადგინა. მე ვიყავი ჩართული ამ ამბავში თავიდანვე, მაქვს ვიდეო და ფოტო მასალები, სადაც ყველა ეტაპია დაფიქსირებული, თუმცა არ აინტერესებს. გამოკითხვაზე  "ბათომის" არც ერთი წევრი არ დაუბარებიათ" - ამბობს შოთა გუჯაბიძე. 

ვაჟა-ფშაველას #13 ნოემერს ძეგლის სტატუსი საზოგადოება "ბათომის"  ინიციატივით მიენიჭა. "ვაჟა-ფშაველას #13-ის ისტორია არ არის ერთი ძეგლის ამბავი, ეს არის ზოგადად სახელმწიფოში ტერორიზმის, უკანონობის, ხელისუფლების უუნარობის ლუსტრაცია. სადაც აკანონებენ უკანონობას" - ამბობს შოთა გუჯაბიძე. 

დაიბარეს თუ არა დაკითხვაზე ან გამოკითხვაზე კომპანია "სლავა10" წარმომადგენლები უცნობია. თავად კომპანიამ, დანგრეული შენობის ადგილზე კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის ვერ მიღების გამო სასამართლოს მიმართა. მოპასუხე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, რომელმაც 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა არ დართო.

თუმცა, საქართველოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დანგრეულ შენობას ძეგლის სტატუსი შეუჩერდა, რაც საშუალებას აძლევს "სლავა10"  ძეგლის ნარჩენებზე ახალი სახლის მშენებლობის ნებართვა მოიპოვოს.  

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანმა, 24 სექტემბერს, აჭარის მაუწყებელთან განაცხადა, რომ ოფიციალურად ვაჟა-ფშაველას #13 სტატუსის მოხსნის შესახებ ინფორმაცია უწყებას არ მისვლია. "ოფიციალურად არ მოსულა წერილი სტატუსის მოხსნის თაობაზე, თუმცა თუ ძეგლის სტატუსი არ ექნება, ჩვენ სასამართლო პროცესს ავტომატურად გამოვეთიშებით, სადაც კომპანია ნებართვის არ გაცემის გამო გვედავებოდა. საფუძველი აღარ იარსებებს" - ამბობს ზაურ ახვლედიანი.

მისი განმარტებით, თუ ვაჟა ფშაველას #13 სტატუსი მოეხსნება, ნებართვის აღება მას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან აღარ დასჭირდება, საკითხს ე.წ. "ზონალური საბჭოზე" განიხილავენ. 

ზონალური საბჭოს უმრავლესობა, რომელიც ძეგლების მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობებზე გასცემს ნებართვებს, ჩინოვნიკებით არის დაკომპლექტებული. 

"აქამდე პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ განადგურებულ ძეგლისთვის მოეხსნათ სტატუსი, რადგან ეს იყო პრევენცია, რომ სხვას არ გაეკეთებინა იგივე. პრევენციაა ისიც, რომ კანონით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიზანმიმართული დაზიანება ფიზიკური პირისთვის 5000, ხოლო იურიდიული პირისთვის 10000 ლარიანი ჯარიმებს ითვალისწინებს, დამატებით სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ კომპანია "სლავა 10" დავაჯარიმეთ 10 000 დოლარით" - ამბობს ზაურ ახვლედიანი.

შენობას ძეგლის სტატუსის მოხსნა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ აცილებს კონკრეტულ პირს. რას დაადგენს პროკურატურა ან რამდენ ხანში უცნობია, ამ ეტაპზე უკანონოდ, მიზანმიმართულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა მხოლოდ და კომპანია "სლავა10", 2016 წელს 10 ათასი ლარით დააჯარიმა.  

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88 მუხლის პირველი ნაწილით განიხილებოდა, რომელიც გულისხმობს "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან".

ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ი 2015 წლის ნოემბერში დაანგრიეს. მე-19 საუკუნის სახლის ნაცვლად, მშენებელს 8 სართულიანი კორპუსის ჩადგმა სურდა, თუმცა ნებართვა ვერ მიიღო. ძეგლის განადგურებამდე, ისტორიულ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2017 წელს, დანგრეული ძეგლის ტერიტორიაზე სტატუსის მოხსნა სცადა კომპანიამ, თუმცა უარი მიიღო. მეორედ მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. სააგენტოში ამბობენ, რომ ძეგლი აღარ არსებობს, ამიტომ ცარიელ ტერიტორიას სტატუსი მოუხსნეს.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი