ბათუმში სტადიონის მშენებლობისთვის, კომპანია ''ანაგს'' 18 მილიონი ლარი დაუმატეს - მედეა ვასაძე

21 სექტემბერი 2018, 00:00 4629 ნახვა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის, კომპანია ''ანაგს'' 18 მილიონი ლარი დაუმატეს - განცხადება დღეს უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიციის ''ძალა ერთობაშია''  წევრი ირწმუნება, რომ მშენებლობის პროცესში შპს-მ თანხის დამატება მოითხოვა, მთავრობამ კი პირობა უპრობლემოდ დაუკმაყოფილა. 

მედეა ვასაძე შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის ფინანსების გაზრდა, შემაშფოთებელი ტენდენციაა. 

ბრიფინგზე დღეს ვასაძემ შპს ''სტადიონის'' შექმნის თემაც გაიხსენა. მისი თქმით, ეს სამინისტროს უშუალო კომპეტენცია იყო და ახალი შპს შექმნაში კორუფციის ნიშნები იკვეთებოდა. 

​''მე უმაღლესი საბჭოს წევრობისას კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი შპს ''სტდიონის'' შექმნის, რადგან ის ფუნქციები, რომელიც ამ შპს-ზე გადმოვიდა ფინანსთა სამინისტროს უშუალო კომპეტენცია იყო. შეინიშნებოდა კორუფციული ნიშნები. კიდევ ერთი საკითხი, მოგეხსენებათ სტადიონის მშენებლობის პროექტი, ქალაქის საკრებულოს ჰქონდა​, რომლისთვისაც ბიუჯეტში თანხები იდო, აქედან კი ერთი მილიონი წინმსწრები სამუშაოებისთვის დაიხარჯა. ამ საკითხის ლობირება დაიწყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ეს იყო დავით ბალაძე. იყო სერიოზული წინააღმდეგო ოპოზიციური პარტიებისაგან, თუმცა შპს მაინც ცამოყალიბდა და გამოცხადდა ტენდერიც.  დაახლოებით 100 მილიონიანი ტენდერი ''ანაგმა'' მოიგო. მშენებლობის პროცესში კომპანიამ განაცხადა, რომ მას არ ყოფნის 100 მილიონი და მოითხოვა დამატებით 18 მილიონზე გააკეთა. მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული. თუ გაგიგიათ საკონკურსო წესით მოგებულ ტენდერზე თანხის დამატების ფაქტი და მისი ასე უპირობოდ,  უპრობლემოდ დაკმაყოფილება. ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი და საჭიროებს შესწავლას'' - განაცხადა ბრიფინგზე მედეა ვასაძემ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება არ განხორციელებულა. კომპანია ''ანაგისთვის'' სამინისტროს თანხა არ დაუმატებია. 

''დღემდე არც ერთი ცვლილება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულების ღირებულების ნაწილში არ განხორციელებულა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 117 349 122 ლარზე გაფორმდა. დღგ-ს გარეშე თანხა - 99 448 408 ლარია'' - განმარტავენ სამინისტროში. 

ბათუმში უეფას მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წლის 21 იანვარს დაიწყო.  20 000 მაყურებელზე გათვლილი მოედანი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება. 

სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დაკვეთით  აშენებს. პროექტის ღირებულება (დამატებითი ღირებულების გარეშე) 99 448 408 ლარია.

მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. 

სტადიონის მშენებლობაზე საუბარი, ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მისი აშენება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმებოდა და მაკეტიც არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, სტადიონისთვის შერჩეული ადგილი დაიწუნეს.

მეორედ სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაანონსდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დავით ბალაძე აცხადებდა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის საძირკველი დასრულდებოდა, ხოლო 2018 წლის ბოლოს ქალაქს საფეხბურთო მოედანი ექნებოდა, თუმცა გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, ესპანურ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. 

ამავე კატეგორიაში