ფიქსირდება თუ არა მასობრივად სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდის შემთხვევები? - სახელმწიფოს კვლევა არ ჩაუტარებია

20 სექტემბერი 2018, 00:00 2577 ნახვა

ფოტო: UNICEF-ის ოფიციალური გვერდიდან 

საგანგაშო მონაცემები, მცირე კვლევის დროს, 2 წლის წინ დაფიქსირდა, თუმცა ამის შემდეგ სახელმწიფოს აღარ გამოუკვლევია არის თუ არა პრობლემა მასშტაბური და დგანან თუ არა საქართველოს მოქალაქეები საფრთხის წინაშე. 

ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის 300-მდე ბავშვიდან 40% სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა - ეს არის 2016 წლის მცირე მასშტაბის კვლევის შედეგები, რომელიც საზოგადოებისთვის 2017 წელს გახდა ცნობილი. მაშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობდნენ, რომ კვლევის საგანგაშო შედეგი იმ მიზეზით არ გაასაჯაროეს, რომ მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, პრობლემის სრული სურათი ვერ აისახებოდა.

მას შემდეგ, ამ მიმართულებით მასშტაბური კვლევები სახელმწიფოს არ ჩაუტარებია, შესაბამისად უცნობია ტყვიის შემცველობის ზრდა სისხლში რამდენად მასშტაბურია საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში, რომლებისთვისაც ტყვიით ინტოქსიკაცია განსაკუთრებით საშიშია. ტყვია ადვილად აღწევს მათ ორგანიზმში, ნივთიერება ხვდება ფილტვებში, თირკმლებში, თავის ტვინში და იწვევს ქცევის მოშლას, ეტაპობრივად პრობლემას უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.  

რადგან სახელმწიფოსთვის უცნობია დგას თუ არა საქართველოს მოქალაქეები ამ პრობლემის წინაშე, არ არსებობს შესაბამისი პროგრამები. არ დადგენილა რა იწვევს ტყვიით ინტოქსიკაციას (ნიადაგი, ჰაერი, საკვები, სათამაშოები და ა.შ.), და ინტოქსიკაციის შემთვევაში სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობის არც შესაძლებლობა გააჩნია და არც მასთან ბრძოლის კომპლექსური გეგმა აქვს. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ უნისეფი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა დაფინანსებით, საქართველოში 2-დან 7 წლამდე ბავშვების კვლევას დღეიდან, 20 სექტემბრიდან იწყებს. ცალკე კომპონენტად უნისეფი მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობის დონესაც გაზომავს. ეს კომპონენტი ორგანიზაციამ სპეციალურად საქართველოში დაამატა, მანამდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

მინისტრი ამბობს, რომ ამ კვლევით დადგინდება, რამდენად აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს ტყვიის შემცველობის გამოსავლენად ანალიზების დაფინანსება, ასევე შექმნას გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. 

"დავიწყებ იქედან, რომ UNICEF-ის ეს კვლევა არის ფართომასშტაბიანი, კომპლექსური კვლევა, რომლითაც ბავშვებს და მათ ოჯახებს მრავალ  დაყრდნობით გამოიკვლევენ. ტყვია, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, თუმცა არა ძირითადი, მასთან ერთად იქნება შესწავლილი და გამოკვლეული სხვა მიმართულებებიც, როგორიცაა ზოგადი ჯანმრთელობა, განათლება, ოჯახის და ბავშვების დამოკიდებულება, აღზრდის პრინციპები და ა.შ. ეს კვლევა ბევრ ქვეყანაშ ტარდება, თუმცა საქართველოში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის კომპონენტი აქტუალობიდან გამომდინარე დაემატა" - განაცხადა მინისტრმა. 

აქვს თუ არა ჯანდაცვის მინისტრს მონაცემები და რამდენად საგანგაშოა იგი? ამ კითხვაზე მინისტრმა განაცხადა, რომ მას სრული სურათი არ აქვს, რადგან ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, რისი განზოგადება ვერ მოხდება. კონკრეტულად რამდენი შემთხვევაზე იყო საუბარი, მინისტრს ციფრები არ დაუსახელებია. 

"​ ტყვიის შემცველობის განსაზღვრისთვის მიმართვიანობის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, ზუსტად არ მახსოვს ციფრი რამდენი, მაგრამ იყო ერთეული შემთხვევები. რა მონაცემებიც გვაქვს, ეს სხვადასხვა ლაბორატორიების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და ეს განზოგადების საშუალებას ვერ მოგვცემს, ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შემთხვევითი შერჩევითი კვლევა ჩატარდეს, რომ დავინახოთ რა ვითარება გვაქვს. UNICEF-ის ეს კვლევა, რომელიც კომპლექსურია და ბავშვის გარემოს სწავლობს მთლიანად, ეს კვლევა მოგვცემს ანალიზის საშუალებას, არის თუ არა სხვა ჯგუფებში ამ კვლევის ჩატარების აუცილებლობა და ამის მიხედვით დაიგეგმება მკურნალობაც'' - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

აღნიშნული კვლევა დღეს, 20 სექტემბერს დაიწყო, რომლის ფარგლებში 1500 მდე ბავშვის გამოკვლევა მოხდება.

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ კვლების შედეგები საფუძველი გახდება სახელმწიფო დაგეგმავს თუ არა გრძელვადიანი პროგრამებს ტყვიის ინტოქსიკაციის პრევენციისა და მკურნალობის კუთხით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი