მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარიხუანას წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის ნებადართული იქნება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება სისხლის სამართლის წესით დასჯადი რჩება.
'' შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით” – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტის ვერსია უმრავლესობის სხდომაზე წარადგინა.
დეპუტატის ცნობით, მარიხუანის ექსპორტზე გატანის იდეა ეკონომიკის განვითარებისთვის კეთდება.
იდეა დაიწუნეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ - აქ ამბობენ, რომ ქვეყანა არ არის ამისთვის მზად, ამასთან ეჭვობენ რომ ეს ერთი პირის ბიზნესზე იქნება მორგებული. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები კი ფიქრობენ რომ თუ მარიხუანის მოყვანა ექსპორტისთვის იქნება ლეგალური, მაშინ იგი ყველასთვის უნდა იყოს ნებადართული. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხვალ მარიხუანის სამედიცინო მიზნით წარმოების საკითხზე საპატრიარქო იმსჯელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის სანქციები გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია.
5 სექტებერს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო რომ მარიხუანას მოხმარება მკაცრად გაკონტროლდებოდა. მისი მოხმარება კი დასჯადი იქნება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში.