ტყიბულის შახტებში 8 ადამიანის დაღუპვის გამო 7 პირი დააკავეს

07 აგვისტო 2018, 00:00 2613 ნახვა

ფოტო: "მწვანე მუშტის" სოლიდარობის აქციიდან

ტყიბულის შახტში 2018 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებზე, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ბრიფინგზე განაცხადა. 

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, 6 ადამიანი, 2018 წლის 5 აპრილს,  მინდელის სახელობის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად,  6 თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე დააკავეს.  ბრალი მინდელის სახელობის შახტის დირექტორს, მთავარი ინჟინერს, მენეჯერს, N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსს, ამავე უბნის უფროსის მოადგილესა და უფროსის თანაშემწეს წარედგინათ. 

მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევა ედებათ, რაც  სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ  დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

2018 წლის 5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს აფეთქება მოხდა, შედეგად ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებებით გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ორმა მეშახტემ.

შს სამინისტრის თანამშრომლებმა 2 ივნისს, ტყიბულში კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სადაც 2 ადამიანი უჰაერობის შედეგად დაიღუპა, 1 პირი დააკავეს. 

"სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ინდმეწარმე დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება მისივე კუთვნილ ქვანახშირის შახტში სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ს.-ს კუთვნილ ქვანახშირის შახტში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა" - წერია შსს განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ  გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, სადაც 4 ადამინი გარდაიცვალა, ხოლო 6 დაშავდა. 

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები" - აცხადებენ შს სამინისტროში. 

პროფკავშირები: ''სამუშაო ადგილებზე 7 თვეში 29 ადამიანი გარდაიცვალა''

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი