ვინ დატოვებს პოსტს აჭარის მთავრობაში - თორნიკე რიჟვაძის კანდიდატები

16 ივლისი 2018, 00:00 8378 ნახვა

იმ შემთხვევაში თუ თორნიკე რიჟვაძე ზურაბ პატარაძის შემცვლელი იქნება, ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს. საკუთარი მინისტრთა კაბინეტის სია რიჟვაძემ უკვე წარადგინა. 

განახლებული:


თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მას ჯაბა ფუტკარაძე ჩაანაცვლებს. სოფლის მეურნეობის მინისტრს ავთანდილ მესხიძეს კი ტიტე აროშიძე შეცვლის.

ამ ეტაპზე რიჟვაძის მთავრობაში ორი მინისტრი უცვლელი რჩება.

 

განცხადება უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა. დოკუმენტშია წერია:
''2018 წლის 4 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 -მა, 14 დეპუტატით წარმოდგენილმა უმრავლესობის სამმა ფრაქციამ 2018 წლის 6 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაასახელა ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. უმრავლესობის სამივე ფრაქციამ ეს პოზიცია საქართველოს პრეზიდენტთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მ/წლის 13 ივლისს პოლიტიკურ სუბიექტებთან გამართული კონსულტაციების დროსაც გამოხატა. 
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრაველსობამ მხარი დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მინისტრობის შემდეგ კანდიდატებს: 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე - ქალბატონი ინგა შამილიშვილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე - ბატონი ზაალ მიქელაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე -- ბატონი ჯაბა ფუტკარაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე - ბატონი ტიტე აროშიძე.
მივმართავთ პრეზიდენტს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, წარადგინოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის მის მიერ დასახელებული შემადგენლობა, რათა დროულად ჩამოყალიბდეს და არ შეფერხდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფუნქციონირება''.

საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე, 6 ივლისს დაასახელა. 

ორი დღით ადრე, 4 ივლისს კი ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. 

საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი კანდიდატი ოპოზიციურმა პარტიებმა შესთავაზეს. საინიციატივო ჯგუფმა გიორგი მარგველაშვილს არმაზახვლედიანის კანდიდატურა წარუდგინა. 

მოქალაქეების ჯგუფმა კი აჭარის მთავრობის თავჯდომარის პოსტზე, გოჩა გუგუნავა დაასახელა.

პრეზიდენტმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.  

ამავე კატეგორიაში