პოლიციამ ე.წ. ''ქურდული სამყაროს'' 6 წევრი დააკავა

18 ივნისი 2018, 00:00 2295 ნახვა

სამართალდამცველებმა ზესტაფონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრები დააკავეს. 

დაკავებულია 3 კრიმინალი -  1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. 

ე.წ. კანონიერი ქურდების მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განმარტებით - "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“ წევრობას. ისინი მონაწილეობდნენ  „ქურდულ გარჩევებში“ და კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) და მის ძმასთან - ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ,"- განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

18 აპრილს 75 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა, რომელითაც დანაშაულად ცხადდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც.

კიდევ ორი საგამოძიებო მოქმედების შედეგად შსს დააკავა სამი კრიმინალური ავტორიტეტი. აქედან, ორი პოლიციამ საკუთარ სახლში აიყვანა. 
წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული ჯ.ო. საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.  "პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირი დასტურდება" წერია შსს ინფორმაციაში.  

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყვეს და დიდი ოდენობით თანხას გამოსძალეს. 

მესამე კრიმინალური ავტორიტეტი კი 16 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრი, 1962 წელს დაბადებული გ.ე. ქურდულ სამყაროსთან ბრალდებით აიყვანეს. 

"დაკავებული აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან: ოთარ ელიზბარაშვილთან (მეტსახელად „ჭაღარა“), გიორგი ახალმოსულიშვილთან (მეტსახელად „ბურვაკა“), ნოდარ გიორგაძესთან (მეტსახელად „ოდო“), ბესიკ ჭანყოშვილთან (მეტსახელად „დრელე“) - წერია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

16-17 აპრილს, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - „Caucase Normandie“, რომლის დროსაც 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს. 

15 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ნანსში მათი სასამართლო პროცესი დასრულდა. „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ და სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულ ბიძინა ბაკურიძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და მასაც სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულები რჩებიან პატიმრობაში.

ამავე კატეგორიაში