''ბავშვის მკვლელობის ნივთმტკიცებები ურნიდან ამოიღეს, პოლიციას თან ახლდა დამნაშავე'' - თვითმხილველი

14 ივნისი 2018, 00:00 2092 ნახვა

"მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული პოლიცია, დავინახე დღეს დილით, როგორ ამოიღეს სამართალდამცავებმა, სისხლიანი ზეწარი და დანა ნაგვის ურნიდან, ეს ჩემი სახლის წინ, ჩემი სახლის მოპირდაპირედ ხდებოდა" - ყვება გივი მიქელაძე, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს.  მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციელებს თან ახლდა სავარაუდოდ დამნაშავე ქალი. თვითმხილველი ყვება, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, დაინახა ჩემოდნით ხელში, ბავშვთან ერთად, როგორ მიდიოდა სახლისკენ.

ამ დროისთვის მკვლელობის ადგილი დალუქულია. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ფაქტის შესახებ პოლიციისგან გვიან ღამით გაიგო. მისი მტკიცებით, საცხოვრებელი ფართი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ერთი თვის წინ მიაქირავა, სწორედ მაშინ დაინახა მცირეწლოვანი, მას შემდეგ კი ბავშვი არც უნახავს და არც ხმა გაუგია, ხედავდა მხოლოდ ორ ქალს.

"მომხდართან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ბავშვი მხოლოდ ერთხელ ვნახე, არც ხმა გამიგია მისი, არც ის ვიცოდი რომელი ქალის შვილი იყო.  პოლიციისგან გავიგე, რომ არცერთი მათგანი არ არ არის მოკლული მოზარდის დედა"  - ყვება სახლის მეპატრონე. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოკლული ბავშვი ორ ქალთან ერთად ცხოვრობდა, არც ერთი მათგანი არ იყო მცირეწლოვანის დედა. მომხდარზე ინფორმაცია მოიპოვა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ. იგი ამბობს სავარაუდო დამნაშავემ თავად მიიყვანა მოზარდი პოლიციაში, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა უკვე გარდაცვლილი იყო.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გაასამართლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაცა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა. დანაშაული 13 წლიდან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში