ახვლედიანის ქუჩაზე კორპუსის ასაშენებლად გამოცხადებული აუქციონი ისევ ვერ შედგა

06 ივნისი 2018, 00:00 1818 ნახვა

ბათუმის მერია ინვესტორს ისევ ეძებს, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ტერიტორიაზე, ახალ, მცირე ზომის კორპუსს უსასყიდლოდ ააშენებს.

დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი მეორედ ჩავარდა. გამარჯვებული დღეს, 6 ივნისს უნდა გამოვლენილიყო, თუმცა სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. 

აუქციონზე, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყო გატანილი. 

პირობის თანახმად დაინტერესებულ პირს, გადაცემულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის შენობა და ახვლედიანის  N12-ში 7 724 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, ცხრა ოჯახისთვის, საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა. 

პირველად გამოცხადებული აუქციონი არ შედგა, ხელახალი კი, 23 მაისს გამოცხადდა. პირობები უცვლელი დატოვეს,  შეიცვალა საწყისი ფასი, ბათუმის მერია ნაკვეთს მილიონი ლარის ნაცვლად, მსურველებს 20 პროცენტით ნაკლებ ფასად სთავაზობდა. 

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქება 10 დეკემებერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 9 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 45 ბინა კი დაზიანდა.

დაზიანებული სახლის დემონტაჟი იანვარში დასრულდა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სახლი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. აფეთქების შედეგად შენობის ძირითადმა ნაწილმა, მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხზე იმსჯელებენ.  მოგვიანებით გადაწყდება როგორ მოხდება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი