სად მიდის სოფლებში დაგროვებული ნაგავი? - კანონით აკრძალულია, თუმცა ხევები დღემდე ნაგვით ივსება 

28 მაისი 2018, 00:00 4175 ნახვა

წლებია, მაღალმთიან სოფლებში, ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო და ჰიგიენურ საშუალებებს საცხოვრებლებთან ახლოს, ხევებში ყრიან. კუსტარული ნაგავსაყრელებიდან ნარჩენები მდინარეებში, მდინარეებიდან კი ზღვაში ხდება.  

აჭარის მაღალმთიანი სოფლების უდიდეს ნაწილში, ნაგვის გატანა პრაქტიკულად არ ხდება. ხულოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ ნაგვის ურნები არ აქვთ, ამიტომ ნარჩენები იქ იყრება, სადაც მათთვის მოსახერხებელია. 

ღია სივრცეში ნარჩენების დაყრა კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა ხევები დღემდე ნაგვით ივსება, გარემოს დანაგვიანებისთვის კი არავინ ისჯება.  

ეს ნაგავსაყრელი სოფელ ღორჯომშია მოწყობილი. ამ სოფლის გარდა, ხულოს მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში გვხდება უკანონო ნაგავსაყრელები.

გარემოს დაბინძურების შესახებ კარგად იციან ხულოს მერიაში. აჭარის მაუწყებელთან აცხადებენ, რომ 2022 წლამდე პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ, მანამდე კი ხულოში 32 ხევია, სადაც ყოველდღიურად, მასობრივად ხდება ნაგვის ჩაყრა. 

''ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკანონო ნაგავსაყრელი ირემაძეებშია და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ხევის ამოწმენდას " - ამბობს ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი,ზაზა აბულაძე. ''არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან მემორანდუმის ფარგლებში, ყველა სოფელში მოწესრიგდება ასეთი ტერიტორიები.  რაც შეეხება ნაგვის ურნებს, მთლიან სოფელში ვერ ხერხდება ურნების დადგმა და მხოლოდ 2-2 ცალია სოფლის ცენტრებში განთავსებული"  -  ამბობს აბულაძე. 

დღეის მონაცემებით, ხულოში ნარჩენების გატანის სქემა ასე გამოიყურება: 84 სოფლიდან, მხოლოდ 52 სოფლის ცენტრშია რამდენიმე ნაგვის ურნა, რომლებსაც სპეცმანქანა ყოველკვირეულად ცლის და ნარჩენები  ხულოს ცენტრში მიაქვს.

თავის მხრივ, ეს სპეცმანქანები მანამდე ვერ იცლება ნაგვისგან, ვიდრე შპს"ბათუმის სანდასუფთავების" მანქანა არ გადმოტვირთავს ნარჩენებს და ბათუმის ნაგავსაყრელზე არ წამოიღებს. 

ნაგვის ორი სპეცმაქანის შეძენა ხულოს მერიას 300 ათასი ლარი დაუჯდა. 90 ნაგვის ურნაზე კი 65 ათასი ლარი დახარჯა.  ეს 90 ურნაა გადანაწილებული 52 სოფელზე. 

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ 2022 წელს, ყველა სოფელში დაიდგმება ნაგვის ურნა და ასე გადაჭრიან კუსტარული ნაგავსაყრელებისა და გარემოს დაბინძურების პრობლემას. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში