პარტია “ევროპული საქართველო” შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, იქ სადაც 2004 წლის 6 მაისს მოვლენები ვითარდებოდა, სკვერისთვის ან ქუჩისთვის რევოლუციასთან დაკავშირებული სახელის მინიჭებას ითხოვს. ამ საკითხის ინიცირებას ისინი საკრებულოში აპირებენ.
მათი განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6 მაისის პარკს სახელი შეუცვალა და რეგიონში აღარ შემორჩა ადგილი, რომელიც სიმბოლურად ამ მნიშვნელოვან თარიღთან იქნება დაკავშირებული. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ცენტრალური პარკი ოფიციალურად 6 მაისის სახელს არ ატარებდა და მას სიმბოლურად მოიხსენიებდნენ. პარკს მათივე განმარტებით, სახელი რამდენჯერმე შეეცვალა, ბოლოს მას ოფიციალურად მოსწავლე ახალგაზრდობის სახელობის პარკი ერქვა.