''დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, მსგავსი საკითხები დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს'' - მამუკა ბახტაძე

04 აპრილი 2018, 00:00 2299 ნახვა

ბათუმის პორტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დღეს გააკეთა. მამუკა ბახტაძემ შეკითხვებს ბრიფინგზე უპასუხა. 

ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბათუმის პორტში ბიზნეს ინტერესები აქვს და ის გარკვეულ პირებს ლობირებს, მამუკა ბახტაძე ტყუილს უწოდებს. ის ამბობს, რომ ამ კითხვაზე ჟურნალისტებს სერიოზულად ვერ უპასუხებს.

‘’უფრო ლოგიკური იქნებოდა ეს კითხვა ოპონენტებს 4 დღის წინ, პირველ აპრილს დაესვათ. პასუხიც შესაბამისი იქნებოდა,’’ - ამბობს ბახტაძე.

მინისტრის განცხადებით, დამსაქმებელსა  და დასაქმებულებს შორის, მსგავსი საკითხების განხილვა დიალოგის რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმის პორტში მმართველის თანამდებობაზე შესაძლოა ლევან გურგენიძე დაინიშნოს, მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს.

 ‘’ამის  პრეროგატივა არ მაქვს, რომ გარკვეულ პირებს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამდებობა შევთავაზო. პორტს მართავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ისინი მენეჯმენტში თავისუფლები არიან. მსგავს შეთავაზებას კი ადგილი ვერ ექნებოდა’’ - ამბობს ბახტაძე.

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტის შესყიდვით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა დაინტერესებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრი კი პროცესებს ლობირებს.

ბათუმის პორტში თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობს. დასაქმებულებმა პროტესტის უკიდურეს ზომას სამი დღის წინ მიმართეს. ისინი დირექტორის გადადგომას ითხოვენ და მოლაპარაკების პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი