მალე პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება

27 მარტი 2018, 00:00 5959 ნახვა

როდის დაიწყება საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია, ამ ეტაპზე უცნობია.

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებას ელოდებიან, რომლითაც იხელმძღვანელებენ. ამ ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018-2019 წელს, სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 17 სექტემბრამდე  6 წელი უსრულდებათ

სწავლა მიმდინარე წელს 17 სექტემბერს იწყება, შესაბამისად, პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.

რაც შეეხება რეგისტრაციის წესს. ის სამ ეტაპად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც ამ სასწავლო დაწესებულებაში სწავლობს, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, ასევე, რომლის ოჯახიდანაც პირველ კლასში ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში.

მეორე ეტაპი  საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციას მოიცავს.

მშობლებმა ბავშვები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად უნდა დაარეგისტრირონ. (www.mes.gov.ge და www.emis.ge.)

რაც შეეხება ბოლო საფეხურს. მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე.

მინისტრის ბრძანებასა და რეგისტრაციის თარიღს ელოდებიან ის მშობლებიც, რომელთა შვილებმაც განათლება კერძო სკოლაში უნდა მიიღონ. ისინი სკოლის ბაზაზე დარეგისტრირდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი