აჭარაში, ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციაზე

21 მარტი 2018, 00:00 2931 ნახვა

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში არ შედიან. ოპოზიციონერი დეპუტატები, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე  რეზოლუციას ბოიკოტს უცხადებენ.

 მათი თქმით, რეზოლუციის შემუშავება პარტიის პრინციპული პოზიცია იყო, თუმცა  ფიქრობენ, რომ ტექსტი ბევრად უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.

გია დიასამიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. კერძოდ, კი ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები, საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში მხარეებად დაუშვან.  ‘’საქართველო აპირებს ნამდვილად არასწორი, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პოზიცია მიიღოს. სეპარატისტული რეჟიმები საერთაშორისო ფორმატში დაუშვან,’’ - ამბობს დეპუტატი

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა პარტიის ცენტრალურ ოფისთან კონსულტაციები გაიარეს. ამ ეტაპზე, მსგავს რეჟიმში, მხოლოდ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ.  ბოიკოტი კი ერთ საკითხს ეხება. დეპუტატები ამბობენ, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებს არ ჩამოშორდებიან.

''ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელმა პეტრე ზამბახიძემ, დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად მაინც დატოვა. 

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

‘’რეგიონის საკანონმდებლო ორგანო მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, პასუხისმგებლობას კი რუსეთის ფედერაციას აკისრებენ’’ -ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი კი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ გადმოსცეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი