''ქართული მარშის'' წევრები გიორგი გაბუნიას ტელევიზიაში არ უშვებდნენ

19 მარტი 2018, 00:00 5421 ნახვა

''ქართული მარშის''  წევრებმა ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' შესასვლელი დაბლოკეს. გიორგი გაბუნიას ავტომობილს კი საშუალება არ მისცეს ეზოში შესულიყო. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც

''ქართული მარშის'' წევრები, გადაცემა  P.S-ში წამყვანის მიერ ნათქვამმა, რამდენიმე ფრაზამ გააღიზიანა. "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ყველა ხე ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი " - ასეთი შესავალი გაუკეთა წამყვანმა აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.  "ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა სიცოცხლეს, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად" - თქვა გაბუნიამ.

''ქართული მარშის'' წევრები გადაცემის წამყვანს ბოდიშის მოხდას სთხოვენ. 

''ვთხოვდით, რომ მანქანიდან გადმოსულიყო და ბოდიში მოეხადა, გაბუნია კი შუა თითს გვაჩვენებდა, რამაც ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია'' - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისი თქმით, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს. 

ტელეკომპანიასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან და ''ქართული მარშის'' წევრებს ტელევიზიაში არ უშვებენ. სამართალდამცველებმა, აქციის რამდენიმე მონაწილე  ავტომანქანით გადაიყვანეს. 

აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, ვიდრე გიორგი გაბუნია "უფლის შეურაცხყოფისთვის'' ბოდიშს არ მოიხდის.  

(ვიდეო: Prime Time / Facebook live)

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი