''თუ არ მომეწონება ვასიკოს ქცევა, აუცილებლად დავუპირისპირდები'' - ზაზა შათირიშვილი

13 მარტი 2018, 00:00 2690 ნახვა

ფოტო: http://liberali.ge

"თუ ბორდის წევრი გავხდები და არ მომეწონება, როგორც იქცევა ვასიკო, აუცილებლად დავუპირისპირდები" -  ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ზაზა შათირიშვილმა კითხვას, რომელიც მისი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მეგობრობას ეხებოდა.

„ვასილ მაღლაფერიძე ჩემი უახლოესი მეგობარია. მეტსაც გეტყვით, ერთი შვილი არის  ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათლული, მაგრამ როდესაც ის ქალაქის მერი გახდა და მოხდა საათის ისტორია, მე ის სახლში არ შემოვუშვი და იმის შემდეგ გაწყდა ჩვენი ურთერთობა. ჩემი მეგობარი იყო  ბოკერიაც და სხვები, თუმცა მე მათ დავუპირისპირდი, როცა დავინახე რომ არასწორად იქცეოდნენ, არ გამიჭირდება დავუპირისპირდე ვასიკოსაც“ - განაცხადა შათირიშვილმა.

ზაზა შათირიშვილმა დაადასტურა, რომ ის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მეგობარიცაა და ეს არ შეუშლის ხელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი.

„ეს არის შეკითხვა ადამიანის ნებელობასთან დაკავშირებული, შეუძლია თუ არა მას დაუპირისპირდეს მეგობრებს. მე დავუპირისპირდი ჩემ ძველ მეგობრებს, თუ ესენიც მოკლავენ ისევ გირგვლიანს, მე მათ დავუპირისპირებდი“ - განაცხადა შათირიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოს  წევრობის  კანდიდატმა ბორდში შესვლის ინტერესებზე ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე განათლების მიმართულების განვითარება სურს.  „ამ ეტაპზე მხოლოდ ვხედავ, როგორი გადაცემები მინდა ვნახო, მაგალითად  საიმიტაციო თამაშები“ - განაცხადა შათირიშვილმა. „ მინდა ვიყო ბორდში, რომ რაღაც გავაკეთო განათლების სისტემის მიმართულებით, სტუდენტებმა ელემენტარული რაღაცეები არ იციან, მაგალითად ბუდა ჩვ.წ.აღ იყო თუ შემდეგ“.

კანდიდატს დაუსვეს დამატებით კითხვები მაუწყებლის ბიუჯეტსა და პროგრამულ პრიორიტეტებზე. შათირიშვილის განცხადებით, ის არ იცნობს  მაუწყებლის ბიუჯეტს და არც პროგრამულ პრიორიტეტებს. „ახლა არ ვიცი, თუ მოვხვდები ბორდის შემადგენლობაში, მაშინ შევისწავლი“ - განაცხადა კანდიდატმა.

კომისიას ზაზა შათირიშვილთან ბევრი კითხვა ევროკავშირისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით ჰქონდა.

კომისიის წევრი სალომე უგულავა: ალბათ იცით კანონი მაუწყებლის შესახებ, რომლშიც წერია რომ ნატოსა და ევროკავშირის პოპულარიზაცია უნდა უზრუნველჰყოს საზმაუმ, ახლა წავიკითხავ ციტატას თქვენი ინტერვიუდან, რომელიც მიეცით ლიბერალს: "კლასიკური გაგებით ალიანსებმა, ნატომ აზრი უკვე დაკარგა, ნატო უკვე ანაქრონიზმია, მე მისი არსებობის აზრს ვერ ვხედავ, მით უფრო ევროკავშირის, გაუგებარია მათი არსებობის ფუნქცია" თუ ეს ყოველივე გაუგებარია და ანაქრონიზმია, როგორ დაეხმარებით მაუწყებელს რომ აღასრულოს კანონი?

ზაზა: მე მაქვს ასეთი იდეა რომ თითოეული ქართველი როგორც იყო კომკავშირი მივიღოთ ნატოში და ევროკავშირში ცალ-ცალკე.

- კითხვაზე პასუხის გაცემა არ გინდათ ?
- უკვე გიპასუხეთ, ცალ-ცალკე უნდა მივიღოთ თითოეული ქართველი ნატოში და ევროკავშირში... ასეთ კითხვას სვამდნენ საბჭოთა კავშირში, კომკავშირში შეხვალთ თუ არაო? 

- ეს არის დემაგოგია ბატონო ზაზა

- თქვენ დემაგოგია  ფილოსოფიაში გეშლებათ ქალბატონო სალომე, ჩემთვის დასავლური ღირებულებები არისტოტელე, თომას, მანი, ჰერმან ჰესეა და არა რასმუსენი ან ევროკავშირთან ასოცირება.  ​გაგეცით პასუხი, ცალ-ცალკე უნდა შევიდეთ ამ გაერთიანებებში, უდიდესი ნაწილი თუ შევა მეც შევალ.. სტალინისადმი დამოკიდებულებაზეც მკითხეთ რა?!

შათირიშვილს პოეტ ზვიად რატიანის ინციდენტთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ბორდის გადაწყვეტილება არ იყო სწორი რატიანთან დაკავშირებით.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი