საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა

05 თებერვალი 2018, 00:00 1882 ნახვა

,,საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები” - ეს განცხადება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, ბრიუსელში გაკეთდა.

ევროკავშირი დადებითად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს და ადასტურებს მზადყოფნას, განაგრძოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების პროცესში.

ქართულ დელეგაციას ბრიუსელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო უახლოვდება ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს და ამკვიდრებს ევროპულ პრაქტიკას.

ამ კონტექსტში პრემიერმა ასოცირების ახალი დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა, რომელშიც 2020 წლამდე განსახორციელებელი პრიორიტეტებია გაწერილი. რეფორმებისთვის კი კვირიკაშვილის თქმით, გამოყოფილია დახმარების ახალი პაკეტი _  450 მილიონი ევრო. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი პარტნიორია. 47 პროცენტით გაზრდილ ექსპორტზე და სავაჭრო პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას. საქართველო-ევროკაშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაცია ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა, სადაც ევროპულ ინვესტიციებსა და ექსპორტზე გაზრდილი მაჩვენებელი განიხილეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ვაჭრობის საკითხებზე, მათ შორის სიახლეა რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობების განხილვის პროცედურებს დაიწყებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი