“ევროპული საქართველო” ბათუმის მერიის ახალი პროექტის შეჩერებას ითხოვს, პროექტი საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას გულისხმობს. რაულ თავართქილაძის თქმით, მერია ბიუჯეტის ხარჯებით, პარტიის კოორდინატორების დასაქმებას გეგმავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ამის თქმის საფუძველს სატენდერო დოკუმენტაცია აძლევს, სადაც ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საბინაო ამხანაგობისა და ამომრჩევლების რაოდენობა წერია.
მერიაში კი განმარტავენ, რომ დოკუმენტაცია კანონის სრული დაცვით მომზადდა და მისი განხორციელება მესამე სექტორთან ერთად იგეგმება. სიტყვა ამომრჩეველი კი იმიტომ წერია, რომ კავშირები ადმინისტრაციული უბნების მიხედვით იქმნება და მასში ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ერთად უბნის ამომრჩევლებიც იქნებიან. პროექტის ჯამური ღირებულება 33 ათას 200 ლარია. სამთვიან პროექტზე ტენდერი მერიამ 31 იანვარს გამოაცხადა.