სასტუმრო ‘’ლეოგრანდის’’ საქმეზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვებისა და გამოკითხვების პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერ-ჯერობით ტრაგედიასთან დაკავშირებული არცერთი პირისთვის ბრალი არ წარუდგენია.
უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, სასტუმრო ‘‘ლეოგრანდში’’ მომხდარ ფაქტზე გამოძიება კვლავ გრძელდება.
თემა აქტუალური დღეს კიდევ ერთხელ გახდა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 24 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები აქვს. რაულ თავართქილაძეს აინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილ ხანძარს საქართველოს - 10 და ირანის - 1 მოქალაქე ემსხვერპლა. 21 ადამიანი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება-განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
მოგვიანებით უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და გამოძიება 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გააგრძელა, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.