“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ’’ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის კვლევა დაასრულა. მკვლევარების შეფასებით, მაუწყებელი მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირებისთვის გახსნილია, მთავარი გამოწვევა კი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაა. ასევე, სტრატეგიის დოკუმენტისა და ტექნიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის დროული დამტკიცება. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც მკვლევარები ამახვილებენ ყურადღებას მაუწყებლის შენობაა.
პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ შენობა შრომისთვის შეუსაბამოა და არ არის უსაფრთხო. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც შეეხება სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ნატა იმედაიშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტის პროექტი უკვე მზად არის, ამ დროისთვის კი მაუწყებელი 2016 წლის თებერვალში დამტკიცებული სტრუქტურის მიხედვით მუშაობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განცხადებით კვლევა და რეკომენდაციები სტიმულის მომცემია და მაუწყებელს დაეხმარება სწრაფ განვითარებაში.