ფედერაციის თავმჯდომარე, მსაჯის გარდაცვალების საქმეზე, მედიას უსაფუძვლო განცხადების გავრცელებაში ადანაშაულებს

08 დეკემბერი 2017, 00:00 3423 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, მიმართვას ავრცელებს. კობიაშვილი  მედიას არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.  განცხადება, ორი დღის წინ, ქართველი მსაჯის ილო ტუღუშის გარდაცვალებას ეხება. 

"მინდა გამოვეხმაურო ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მსაჯის - ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

ამასთან, მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. 
კერძოდ, ვგულისხმობ, გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციას, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს - ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის.ილია ტუღუში არ ყოფილა არანაირად დაკავშირებული ამ მატჩთან. მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არცერთი მატჩი, ასევე არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის მატჩები, ის მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას. 
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასახელებული სამი პირიდან არცერთი არ არის და არც ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი. 
და ბოლოს, მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია - ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს" - ნათქვამია ლევან კობიაშვილის განცხადებაში.

ილო ტუღუში, ორი დღის წინ, გარდაცვლილი ტყეში იპოვეს. მსაჯის ოჯახის წევრები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილთან სამი პირი იმყოფებოდა, რომლებიც მას თანხას სთხოვდნენ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ მომხდარს. ახსენებენ ე.წ. “გაყიდულ თამაშებს” და გურიის გუნდის ბოლო თამაშის წაგებას.

(ფოტო/ვიდეო - ლევან კობიაშვილი/facebook)

ამავე კატეგორიაში