სპორტი მთავარში

17 ნოემბერი 2017, 00:00 2367 ნახვა

დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.  შეხვედრაზე საუბარი იყო იმ სამთავრობო სტრუქტურული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი შეუერთდა.  სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა სამომავლო ურთიერთობებზე და სპორტის სტრუქტურის ფუნქციაზე ახალ სამინისტროში.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის დასრულებამდე სამი ტური რჩება,  34-ე ტურის ხუთივე მატჩი ხვალ გაიმართება. 14 საათზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი სამტრედია პლეიაუტის ზონაში მყოფ ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილოსანი  ქობულეთის შუქურა კი მიმდინარე გათამაშების ლიდერს თბილისის დინამოს მიიღებს. მოგვიანებით საჩხერის ჩიხურა და ქუთაისის ტორპედო თასის ფინალური მატჩის რეპეტიციას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. ხვალვე გორის დილა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს. ბოლო მატჩში კი ბათუმის რაგბი არენაზე ადგილობრივი დინამო თბილისის საბურთალოს შეხვდება. ბათუმელები 34 ქულით მე-8 ადგილზე არიან და უშუალო კონკურენტ დილას 4 ქულით ჩამორჩებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 20 საათზე საზ მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ. დღეს ეროვნულ ლიგა 2-ში თითქმის გადაწყდა ჩემპიონის ბედი, ს.კ. რუსთავმა  სტუმრად სიონს მინიმალური ანგარიშით მოუგო და დიდი ალბათობით რუსთაველები მომავალ წელს ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ. მერანი და სიონი კი პლეიაუტში  იასპარეზებენ.  

ხვალ, კარდიფის ,75 000 - ან „ფრინსიფალითი სთედიუმზე“  უელსი ისტორიაშია პირველად საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.  ბორჯღალოსნებმა   ხვალინდელი მატჩისთვის მოსამზადებელი პერიოდი უკვე გაიარეს. დღეს, კარდიფში კაპიტნის ვარჯიშთან ერთად, სასროლეთზე მათ განტვირთვის დღეც მოაწყვეს. უელსის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 14 მოთამაშე შეიცვალა,  ლიამ უილიამსი ერთადერთია, რომელიც ავსტრალიის შემდეგ,  თამაშს ჩვენს ნაკრებთანაც დაიწყებს. მილტონ ჰეიგი კი სასტარტოში ერთ ცვლილებას ახორციელებს, მარქაფაში კვესელაძე მერაბ კვირიკაშვილით იცვლება,  დანარჩენი კი  შემადგენლობაში ის მორაგბეები იქნებიან, რომლითაც წინა შაბათს საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა.საქართველო და უელსი, ნაკრებების დონეზე ხვალ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.  შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ერთ კვირაში ბორჯღალოსნები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, აშშ ნაკრებს შეერკინებიან.    

დღეს დიდი 10 - ის გათამაშების მე-9 ტურმა აიღო სტარტი.  პირველ მატჩში ავჭალის სტადიონზე ლოკომოტივმა არმიას 40:22 სძლია,  მასპინძლებმა 6 ლელო დადეს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს. მე-9 ტურის 2 მატჩი ხვალ ჩატარდება, ლელო არენაზე სარასენსი და მარნეულის არმაზი გაარკვევენ ურთიერთობას, გათამაშების ლიდერი ქუთაისის აია კი საკუთარ ქალაქში რუსთავის ხარებს დაუხვდება. დიდი 10 -ის მე 9 ტურში კვირას 16 საათზე გასული წლის ფინალისტები ბათუმი და გორის ჯიქი შეერკინებიან ერთმანეთს ბათუმის რაგბი არენაზე. მოგვიანებით ტურს თბილისის აკადემიისა და ქუთაისის ბაგრატის შეხვედრა დაასრულებს. 

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს ეროვნული ნაკრების მოთამაშე გიორგი ცინცაძესთან ერთად საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ფედერაციის  ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არჩევნების გაყალბების მცდელობაში დასდო ბრალი. საქმე  საქართველოს კალათბურთელთა ახლადშექმნილ გაერთიანებას ეხება, რომელშიც 64 მოთამაშეა. გაერთიანებას  მოახლოებულ არჩევნებში  მონაწილეობა სურდა, მაგრამ ფედერაციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ხეცურიანმა პრესკონფერენციაზე სხვა საკითხებზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. ოფიციალურად დარეგისტრირებული კანდიდატი ამ დროისთვის მხოლოდ შიო ხეცურიანია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მისი კონკურენტები პაატა გურასპაული და კახა შენგელია იქნებიან.

ამავე კატეგორიაში