ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით საქართველომ რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია დაიმკვიდრა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 2017 წელს კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
ამ მხრივ ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. საუბარია საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზეც.
დოკუმენტში საუბარია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, რომელიც მათივე თქმით, ადასტურებს ქვეყნის ორიენტაციას ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. დოკუმენტის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად, ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გასცემს.
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ანგარიშში მითითება კეთდება ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელიც, საერთო ჯამში, პოზიტიურად აფასებს რეფორმას. დოკუმენტში საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების საგრძნობლად შემცირებაზე, ასევე მედია გარემოზე, რომელიც შეფასებულია როგორც პლურალისტული და დინამიკური. დოკუმენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.