ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, განმეორებითი ტური ქუთაისში, ბორჯომში, ყაზბეგში, ხაშურში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატარდება.
აღნიშნულ ოლქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, სწორედ ამიტომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.
სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მისი თქმით, არცევნების პერიოდში გარკვეული ტიპის დარღვევები დაფიქსირდა. ზაზა ბიბილეიშვილი ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.
ცნობილია რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად კი მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს.
ცესკო-ს თავმჯდომარემ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისა და დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ხელი უკვე მოაწერა .